ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო გუნდის მთავარი ფიგურაა - სენტ ეტიენი ძველ დიდებას იბრუნებს

კვირას, 10 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და საინტერესო დაპირისპირება შედგება. რიგით 124-ე რონის დერბიში „ლიონი“ „სენტ ეტიენს“ უმასპინძლებს და ჩვენთვის ეს დუელი ორმაგად საინტერესოა, რადგან მასპინძლების ღირსებას იცავს, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოდის. ამ პრინციპული მატჩის წინ ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემა „მწვანეებზე“ საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი სტატია გამოაქვეყნა.

კანადელი მილიარდერის მისვლის შემდეგ, „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრებს გაუჩნდათ იმედი იმისა, რომ მათი საყვარელი კლუბი ძველ დიდებას დაიბრუნებს. „მწვანეები“ საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონები არიან და ამ მხრივ რეკორდსმენები იყვნენ, სანამ მათ მიღწევას „პარი სენ-ჟერმენი“ არ გააუმჯობესებდა. 1975-1976 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა თასის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა და მიშელ პლატინის წასვლის შემდეგ, უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას მთლიანად ჩამოსცილდა.

წინა ათწლეულის დასაწყისში, 2013 წელს, „სენტ ეტიენის“ ფანები საფრანგეთის თასის მოგებამ გამოაცოცხლა, რასაც რამდენჯერმე ქვეყნის ჩემპიონატის ხუთეულში დასრულებაც მოჰყვა, თუმცა 2022 წელს გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდა და ელიტაში დაბრუნებისთვის ორწლიანი შრომა დასჭირდა. ამავე პერიოდში კომპანია Kilmer Sports Ventures-ის მეწილეებმა ბერნარდ კაიანცომ და როლანდ რომეიერმა, რომლებიც „მწვანეების“ საკონტროლო პაკეტს ფლობდნენ, „სენტ ეტიენი“ კანადელ მილიარდერს ლარი ტანენბაუმს დაუთმეს, რომელსაც როგორც თავად აცხადებს, სერიოზული და გრძელვადიანი გეგმები აქვს.

79 წლის ტანენბაუმი „სენტ ეტიენის“ გარდა, ჰოკეის კლუბ „ტორონტო მეიპლ ლიფსის“, საკალათბურთო კლუბ „ტორონტო რეპტორსისა“ და საფეხბურთო კლუბ „ტორონტოს“ ასპროცენტიანი წილების მფლობელია.  ის თავად არ არის დაკავებული ლიგა 1-ის წარმომადგენლის მართვით და კლუბის პრეზიდენტად ივან გაზიდისი დანიშნა. „არსენალის“ სამხრეთ აფრიკელი ყოფილი გენერალური დირექტორი ნიუ-იორკში ცხოვრობს და „მწვანეებს“ იქიდან ხელმძღვანელობს.

ისევე როგორც გაზიდისი, ტანენბაუმიც გეგმავენ უახლოეს მომავალში გუნდის ახალი კადრებით გაძლიერებას, თუმცა ამჟამინდელი შემადგენლობიდანაც ბევრს აფასებენ. მთავარი იმედები კი რა თქმა უნდა ზურიკო დავითაშვილზე მყარდება, რომელიც „მწვანეებმა“ გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ დაიმატეს და გაცემულ ავანსებს რომ ამართლებს, ამაზე მისი სტატისტიკური მონაცემებიც, 5 გოლი და 2 საგოლე პასიც მეტყველებს.

ზურიკო დავითაშვილი და მისი თანაგუნდელები მათი გუნდის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს „ლიონს“ კვირას სტუმრად, „გრუპამა სთედიუმზე“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარკოლას მთავარი კონკურენტია - ზურიკო საუკეთესოობისთვის იბრძვის
ბარკოლას მთავარი კონკურენტია - ზურიკო საუკეთესოობისთვის იბრძვის