დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - იბერიამ დილა დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერმა, „იბერია 1999“-მა მესამე ადგილზე მყოფი გორის „დილა“ მიიღო. „დავით პეტრიაშვილზე“ მოსულმა მაყურებელმა უხვგოლიანი მატჩი იხილა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა გახსნეს: 44-ე წუთზე გორელთა მცველმა, ჟან-მარკ ტიბუემ საკუთარ საჯარიმოში გიორგი კოხრეიძე წააქცია. მსაჯის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდის VAR-ზე ნახვის შემდეგ 11-მეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც ზუსტად თავად კოხრეიძემ შეასრულა.
53-ე წუთზე „იბერიას“ მეკარის, გიორგი მაკარიძის უხეში შეცდომის შედეგად ანგარიში გიორგი გაფრინდაშვილმა გაათანაბრა, თუმცა მალევე, 61-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა.
69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი ბუღრიძემ „დილა“ თამაშში დააბრუნა, თუმცა თბილისურმა გუნდმა კვლავ მალევე შეძლო გოლის გატანა - 73-ე წუთზე შეიკნე სილას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი იური ტაბატაძემ გაიტანა და „იბერიას“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
დღესვე „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - ერთადერთი გოლი 77-e წუთზე ლაშა შერგელაშვილის პასით ნიკოლა ნინკოვიჩმა გაიტანა.
32 ტურის შემდეგ „იბერიას“ 67 ქულა დაუგროვდა. მეორე ადგილზე 64 ქულით „ტორპედოა“, მესამეზე კი 59 ქულით გორის „დილაა“.