ხეცურიანის ოქრო - პარამოფარიკავეების წარმატებული სტარტი
იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო და რაპირით ფარიკაობის დისციპლინაში ირმა ხეცურიანი ჩემპიონი გახდა. ის ტურნირში ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთო და ბელარუს ალესია ილმინსკაიას 15:7 აჯობა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინელი ნადია დოლოჰი 15:13 დაამარცხა.
ხეცურიანი წლებია ეტლით ფარიკაობაში საქართველოს სახელით გამოდის და სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა. ის როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონია, პარალიმპიურ თამაშებზე კი ჯერჯერობით ვერც ერთი სინჯის მედლის მოპოვება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მსოფლიოს თასის ეტაპებზე რეგულარულად ასპარეზობს და ამ ტურნირზე პიზაში მოპოვებული ოქროს მედალი მის კარიერაში რიგით 22-ე იყო.
ხვალიდან ტურნირი ხმლით ფარიკაობაში დაიწყება და ხეცურიანის გარდა, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ სამი ეტლით მოფარიკავე, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მარიამ კლდიაშვილი იასპარეზებს.