ვინ იქნება სალიას მწვრთნელი - ნიუკასლში ცვლილებებს ელიან
2025 წლის აგვისტოდან ვახტანგ სალია „ნიუკასლის“ ფეხბურთელი გახდება, რის გამოც ჩრდილო ინგლისური კლუბი ქართველ გულშემატკივრებში უდიდესი ყურადღებით სარგებლობს და მის ირგვლივ გავრცელებული უმნიშვნელო ინფორმაციაც კი საინტერესოა. The Guardian-ის ცნობით, უახლოეს პერიოდში „კაჭკაჭებში“ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს და ედი ჰაუ ჟოზე მოურინიომ შეცვალოს.
მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც „ფენერბაჰჩეში“ მუშაობს, თუმცა თურქეთში ყოფნით პორტუგალიელი სპეციალისტი უკვე უკმაყოფილოა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს, სადაც ის ორჯერ „ჩელსის“, თითოჯერ კი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ამზადებდა. თანაც, „ტრაბზონსპორთან“ მატჩის შემდეგ არბიტრების კრიტიკის გამო, მას ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
გავრცელებული ცნობით, საუდის არაბეთის გრან პრის დროს, ერ-რიადში მოურინიო „ნიუკასლის“ პრეზიდენტს იასირ ალ-რუმაინას შეხვდა, სადაც მისი ინგლისში დაბრუნების ვარიანტები განიხილეს. „ჩელსისთან“ და „არსენალთან“ მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ჰაუს პოზიციები კლუბში თითქოს გამყარდა, თუმცა ამით „ნიუკასლის“ სატურნირო მდგომარეობა არ გამოსწორებულა და კლუბი მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება, რის გამოც მისი ევროზონაში მოხვედრა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ივნისიდან მოყოლებული მოურინიოს ხელმძღვანელობით გამართული 18 მატჩიდან „ფენერბაჰჩემ“ 10 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. სტამბოლელები თურქეთის ჩემპიონატში 23 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ „გალათასარაის“ 5 ქულით ჩამორჩებიან.