„ევროზე გასვლის საფუძვლიანი პრეტენზია გვაქვს“ - ხელბურთელთა ნაკრების მზადება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კვირას, 10 ნოემბერს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ჯგუფის ფავორიტად მიჩნეული ისლანდიის ნაკრები იქნება, რომელმაც პირველ ტურში ბოსნიელები 32-26 დაამარცხა. ქართველები კი დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად ბერძნებთან 26-27 დამარცხდნენ.
მასპინძლებს ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ კალანდაძე ვერ დაეხმარება, რომელიც მძიმე ტრავმას მკურნალობს. საგანგებოდ გამართულ პრეს კონფერენციაზე ორ დღეში გასამართ დაპირისპირებაზე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.
ტიტე კალანდაძე
ძალიან კარგი თაობა გვყავს და გრანდებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, თბილისში ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად ასპარეზობა შეგვიძლია. წინა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი გარკვეულწილად გამართლების ხარჯზე დავძლიეთ. ამჯერად კი, შორსმიმავალი გეგმები გვაქვს და ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე კიდევ ერთხელ ვგეგმავთ.
ისლანდიის ნაკრები ძლიერი გუნდია, უნგრეთზე ძლიერიც, რომელიც წინა შესარჩევში დავამარცხეთ, თუმცა მასთან ბრძოლა შეიძლება. ბერძნებთან და ბოსნიელებთან კი საშინაო თამაშებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
არსებული ფორმატის თანახმად საკვალიფიკაციო ეტაპის რვა ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან. კიდევ ოთხ საგზურს კი მესამე პოზიციაზე გასული სამი საუკეთესო შედეგის გუნდი მიიღებს. „თბილისი არენას“ დარბაზში თამაში კვირას 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.