ორი ჩემპიონის ჩხუბი? - დუ პლესის პერეირას ქამარი სურს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი აცხადებს, რომ წონითი დივიზიონის შეცვლას არ გამორიცხავს და სურს, საჩემპიონო ქამრის რამდენჯერმე წარმატებით დაცვის შემდეგ ქვემძიმე წონაში მოსინჯოს ძალები და ბრაზილიელ ჩემპიონს, ალექს პერეირას ეჩხუბოს.
რას ამბობს დუ პლესი:
„ეს ჩხუბი ძალიან მინდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ მემკვიდრეობის დატოვებას ვაპირებ. როდესაც კარიერას დავასრულებ, მინდა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს მიწოდებდნენ. ამისათვის კი სწორედ ასეთი ბრძოლები მჭირდება.
ხამზატ ჩიმაევის დამარცხება ამ მიზანთან დამაახლოებს. ვფიქრობ, ქამრის სამჯერ დაცვა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შემდეგ ქვემძიმე წონით დივიზიონში გადავინაცვლო და ალექს პერეირას ქამრისთვის ვიჩხუბო“.
შეგახსენებთ, რომ დუ პლესიმ ბოლოს მიმდინარე წლის აგვისტოში იჩხუბა, როდესაც ისრაელ ადესანია დაამარცხა და პირველად დაიცვა საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი.
აქვე გეტყვით, რომ ალექს პერეირამ ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული გასული წლის ნოემბერში ირჟი პროხაზკასთან ბრძოლაში მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი სამჯერ დაიცვა - ჯამაჰალ ჰილთან, პროხაზკასთან რემატჩში და ერთი თვის წინ, ხალილ რანთრისთან ბრძოლაში.