„იტალიაში უძლიერეს გუნდს ვხვდებით“ | რა თქვა კონტემ ინტერთან მატჩზე
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
რა შეგრძნებაა სან სიროზე ლიდერის სტატუსით დაბრუნება
„ყოველთვის განსაკუთრებული ეფექტი აქვს, როცა ბრუნდები იქ, სადაც თავდაუზოგავად მუშაობდი. ემოციებით ივსები და დროში მოგზაურობ. ბევრი რაღაც გახსენდება და ძალიან სასიამოვნოა მილანში დაბრუნება. აქ ორი ბედნიერი წელიწადი გავატარე. პირველ სეზონში, სერია A-ში მეორე ადგილზე გავედით და ევროპა ლიგის ფინალი წავაგეთ. მეორე სეზონში, სკუდეტო მოვიგეთ და ეს საოცარი გამოცდილება იყო, რომელსაც თან ვატარებ“.
3 ქულის მნიშვნელობა
„სამი ქულა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვხვდებით გუნდს, რომელიც იქიდან გამომდინარე, რაც აჩვენა, იტალიაში უძლიერესია. ინტერმა თავდაუზოგავად იმუშავა და სხვებზე ოდნავ მაღალი პოზიცია დაისაკუთრა. ნერაძური საქებარ სიტყვებს ნამდვილად იმსახურებს. ფეხბურთელებით დაწყებული, კლუბის ხელმძღვანელებითა და მწვრთნელებით დამთავრებული, ყველა გაიზარდა, მაგრამ სასწორზე ორივე გუნდისთვის სამი ქულა დევს. არ ვაპირებთ, თეთრი დროშა მატჩის დაწყებამდე გამოვფინოთ. ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და ვნახოთ, რა მოხდება. მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რომელიც ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გამოგვცდის და ეს დაგვეხმარება, გავიგოთ, რამხელა პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენი მიზანია, სატურნირო ცხრილის ლიდერები დავრჩეთ“.
რის გაკეთებას ვაპირებთ, რათა ინტერს გამარჯვება გავურთულოთ?
„ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. არ ვაპირებთ, მოედანზე სპარინგ-პარტნიორის როლში ვიყოთ და დარტყმები ავიტანოთ. ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი და ის ვაჩვენოთ, რაზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობთ“.
შეტევითი ფაზის გაუმჯობესება
„ყველა ასპექტზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მიზანია, ყველა სიტუაციაში უკეთესები ვიყოთ და იდეალურობას ვეძებთ“.
ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 25 ქულით პირველია. „ინტერს“ 24 ქულა აქვს, „ატალანტას“, „ფიორენტინასა“ და „ლაციოს“ ანგარიშზე კი 22 ქულაა.