„გოგლიჩიძე ორიდან ერთ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს“ - სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ერთა ლიგის დასკვნით ტურებში 16 და 19 ნოემბერს უკრაინასთან და ჩეხეთთან გასამართი მატჩების წინ, პრესასთან ისაუბრა.
ტაქტიკა არ შეიცვლება
„ჩვენ ბოლო 2-3 წლის მანძილზე მსგავსი მონახაზით (5-3-2) ვთამაშობთ, ალბანეთთან მატჩი ერთ ერთი გამონაკლისი იყო. მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან როცა ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოდიან, მათ გარკვეული მოლოდინი უნდა ჰქონდეთ და ტაქტიკის ხშირი ცვლა კარგი არ იქნება“.
დაცვის გადახალისება
„რაც შეეხება დაცვის ხაზს, ასაკიდან გამომდინარე დაცვის ცენტრალურ ხაზში ადრე თუ გვიან ცვლილებები იქნება. ზოგადად ცენტრალურ მცველებზე დაკვირვება მიმდინარეობს, ახლახან გამოჩნდა გოგლიჩიძე, ასევე არიან ხვადაგიანი და სხვა მცველები. რამდენიმე თვის წინ გოგლიჩიძე სიაში არ იყო, მაგრამ ახლა ეროვნულ ნაკრებშია. ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ვეტერანი ფეხბურთელები გვყავს. ამ პოზიციაზე კალანდაძე და ხვადაგიანიც გამოვცადეთ. ყველაფერი მათ განვითარებაზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვის წინ გოგლიჩიძეზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთადაა და ის უახლოესი ორი მატჩიდან ერთ-ერთში სასტარტოდან ითამაშებს“.
ზურიკო VS ჟორჟი ლიგა 1-ში
„მიქაუტაძისა და დავითაშვილის დაპირისპირება ლიგა 1-ში? ეს დერბი ძალიან საინტერესო და ისტორიული დაპირისპირებაა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა რომ ქართველები ითამაშებენ. ბოლო დროს ზურიკომ ძალიან მოუმატა, მან საფრანგეთის ჩემპიონატთან სრული ადაპტაცია გაიარა. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მან გუშინ ითამაშა და მისთვის სათამაშო დრო მნიშვნელოვანია, რომ უფრო თავდაჯერებული იყოს. ნაკრებში თავდაჯერებული მიქაუტაძე გვჭირდება“.
მექვაბიშვილის და კვეკვესკირის დაბრუნება
„ეს ორივე ფეხბურთელი ყოველთვის ჩემი გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ მათ ტრავმები ჰქონდათ, თუმცა ახლა თამაშობენ და გამოვიძახე. მაშინაც კი როცა მექვაბიშვილი ცოტას თამაშობდა, მაინც ვცდილობდი რომ ჩვენი გუნდის ნაწილი ყოფილიყო. კვეკვესკირს დიდი როლი აქვს როგორც მინდორზე ასევე გასახდელში. ალთუნაშვილი და ნონიკაშვილი ამოვარდნენ და ეს მიუთითებს იმაზე რომ ნაკრებში კონკურენციაა“.
ალბანეთთან მარცხი და გუნდურობა
„გეთანხმებით ალბანეთთან სკამზე შემტევი რესურსების ნაკლებობა იყო. ამ თამაშს არაერთხელ ვუყურე და მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით. უახლოესი ორი თამაში მნიშვნელოვანია, უნდა დავამტკიცოთ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ დონის ნაკრები ვართ. ახლა მთავარია ასეთ დონეზე სტაბილურობა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქ არის. ეს ორი თამაში სწორედ ამის დამტკიცების შესაძლებლობას მოგვცემს. ადრეც ვთქვი, რომ სულ წარმატებული სერია არ იქნებოდა, ნაკლებად წარმატებული პერიოდიც იქნებოდა, თუმცა ახლა მთავარია იმის დამტკიცება რომ ამ დონეზე თამაში როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია.
არაერთხელ აღვნიშნე რომ ძალიან რთული ჯგუფია. ყველა თავისი პერსპექტივიდან უყურებს. ჩემი დავალებაა რომ ამ დონეზე და ზოგადად განვითარების დონეზე სტაბილურობას მივაღწიოთ. პორტუგალიასთან თამაში გამონაკლისი არ უნდა იყოს, ასეთ გუნდებთან წარმატებას უნდა მივაღწიოთ ხოლმე. მაგალითად, გასულ ორ შეხვედრაში საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. რომ გაგვეტანა სხვა შედეგი იქნებოდა. მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალიტეტის და გუნდურობის შენარჩუნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ინდივიდი მოედანზე არაფერია, მთავარია გუნდურობა“.
გუნდის მენტალური მდგომარეობა
„ზოგადად გუნდში კარგი განწყობაა. როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 1 წელში დიდი პროგრესი იყო და ფეხბურთელებს ამის გაცნობიერება სჭირდებათ. ასეთ დროს კონცენტრაცია იკარგება და ფეხბურთელი ნაკლებს შრომობს. უწყვეტი შრომის გარეშე წარმატება არ მოდის. კვარას პირველი სეზონი ბრწყინვალე ჰქონდა სერია A-ში, მაგრამ გაიაზრა, რომ შრომის გარეშე წარმატება არ მოდის".
გულიაშვილი და გოგლიჩიძე
„გულიაშვილი პირველად ოქტომბერში გამოვიძახე. მინდოდა მას გარკვეული ადაპტაცია გაევლო. ბოსნია დიდი დონის ლიგა არაა, მაგრამ ფეხბურთელი ძალიან მშრომელია და მომავალში შანსი მიეცემა. გოგლიჩიძეზე შესაძლოა გაუგებრობა იყოს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ სხვადასხვა ნაკრებები, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი გუნდის ინტერესებიდან გამოვდივარ. როცა ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ში კარგად თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში უნდა თამაშობდეს. U21-ის წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს წარმატებას მიაღწევენ და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“.
უკრაინასთან მარცხზე
„უკრაინამ ბევრი პრობლემა ვერ შეგვიქმნა, ჩვენ ნაკლებად აგრესიულად ვითამაშეთ. აგრესია და ინტენსიურობა დაგვაკლდა. ახლა სწორედ ამ თვისებების დაბრუნება იქნება მნიშვნელოვანი“.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
„მინდა ჩაკვე „ჩელსიში'', ქოჩორა „ბარსელონაში'' და ბუდუ „ბაიერნში'' თამაშობდნენ, თუმცა რეალობა ასეთია, ისინი კონკრეტულ კლუბებში თამაშობენ. მათი კარიერული პროგრესი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგი იქნება, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე სხვა რეალობაა, ტრანსფერი ყოველთვის რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ ვურჩევდი, რომ შრომა გააგრძელონ''.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.