თოფურია და ქუთათელაძე სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან
ვალენსიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ინფრასტრუქტურული ზარალი კი ჯერ არც კი დაუთვლიათ. სიტუაცია უმძიმესია. ყველა ცდილობს, რომ ხალხსა და ქალაქს რაიმეთი დაეხმაროს.
ესპანურმა Marca-მ სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელეს. UFC-ის ქართველი მებრძოლები გურამ ქუთათელაძე და ალექსანდრე თოფურია ვალენსიის რეგიონში, ქალაქ კატაროხაში იმყოფებიან და ადგილობრივებს დახმარებას უწევენ.
„დილის 09:00 საათზე ორივე მათგანი კატაროხაში გამოჩნდა. ადგილზე გაწეული სამუშაოების გარდა, მათ დასახმარებლად ყველა სახის იარაღი მიიტანეს - რეზინის ჩექმები, ნიჩბები, ცოცხები, ჯაგრისები და ა. შ.“.
- წერს Marca.
ესპანურმა პრესამ ქართველი მებრძოლების ჟესტი ძალიან დადებითად შეაფასა და მათ ნაბიჯს სამაგალითო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ეს ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სტიქიური მოვლენაა, რომელმაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია.
წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა. ვალენსიაში ყველაზე მეტი 210 ადამიანია დაღუპული, კასტილიასა და ლა მანჩაში 3, ანდალუსიაში 1.