სილაგაძემ გუნდს ქულა გადაურჩინა, მიქაუტაძის გამოუყენებელი შანსი
ევროპა ლიგის მე-4 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ გერმანიაში „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.
მიქაუტაძემ მატჩი სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე 61 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც პიერ საჟმა ის ლაკაზეტით შეცვალა. ჟორჟს ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, როცა პირველ ტაიმში თავური დარტყმით ცდილობდა გატანას, თუმცა ვერ შეძლო. სხვა მხრივ ნახევრადმომენტები ჰქონდა და ვერ ვიტყვით, რომ ეს მატჩი მის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. „ჰოფენჰაიმი“ მატჩს ვალტენტინ გენდრის გოლით 46-ე წუთზე იგებდა. „ლიონმა“ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ხუთ წუთში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 66-ე წუთზე აბნერმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
მიქაუტაძისთვის სამწუხაროდ, „ლიონმა“ სწორედ მაშინ მოუმატა, როცა საჟმა სამმაგი ცვლილება განახორციელა და გოლიც ამის შემდეგ გაიტანეს.
დრამატული გამოდგა მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო. 94-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა „ლიონი“ დააწინაურა, თუმცა 96-ე წუთზე უმუთ ტოუმკუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლიონი“ 7 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და ევროპა ლიგაზე მომდევნო შეხვედრა სტუმრად „ყარაბახთან“ ელის.
თავიანთი მატჩი გამართა ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის ლატვიურმა RFS-მ, რომელმაც შინ ბელგიურ „ანდერლეხტს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ოდიშარია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება 7.3 მიიღო. მოედანზე 90 წუთი გაატარა და მორიგი კარგი მატჩიც ჩაიწერა აქტივში. სილაგაძე კი შეხვედრაში 90-ე წუთზე ჩაერთო და დამატებულ 96-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ მეტოქე გუნდის მცველმა ავტოგოლი გაიტანა.
RFS 2 ქულით 32-ე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურის შეხვედრა შინ „პაოკთან“ ელის.
გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგაზე შინ თურქულ „ბასაქშეჰირს“ დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ქართველი მარჯვენა მცველი შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, როცა ანგარიში 0:1 იყო.
დანიური კლუბი 4 ტურის შემდეგ 2 ქულით 29-ე ადგილზეა. მომდევნო ტურში მინსკში „დინამოსთან“ მატჩი ელით.