„მეგონა ვკვდებოდი“ | რა დაემართა მაიკ ტაისონს და რის გამო გადაიდო ჩხუბი
ლეგენდარულ მოკრივეს, მაიკ ტაისონს მალე რინგზე ვიხილავთ და „რკინის მაიკი“ საჩვენებელ ორთაბრძოლაში ჯეიკ პოლს დაუპირისპირდება. ჩხუბი ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ ტაისონი შეუძლოდ შეიქმნა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
Netflix-ის დოკუმენტურ მინი-სერიალში ტაისონმა სწორედ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მაიკმა განაცხადა, რომ სისხლი აღებინა და აღიარა, რომ ეგონა, სიკვდილთან ახლოს იყო. „რკინის მაიკი“ ცუდად თვითმფრინავში გახდა და ეკიპაჟს მგზავრებისთვის მოუწია კითხვა, მათ შორის ვინმე ექიმი ხომ არ იყო.
„ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვვარჯიშობდი და ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ დაღლილობა ვიგრძენი. მწვრთნელს დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ არ ვიცოდი, რა მჭირდა. მალევე, ლოს-ანჯელესში გავემგზავრე. თვითმფრინავის საპირფარეშო ოთახში შევედი და სისხლი ვაღებინე. შემდეგი რაც მახსოვს, იყო ის, რომ იატაკზე ვიყავი და უნებლიე დეფეკაცია მქონდა.
საავადმყოფოში წავედი და 6-სანტიმეტრიანი წყლული აღმომიჩინეს. მეგობრები ისე მირეკავდნენ, მეგონა ვკვდებოდი. ექიმს ვკითხე, ვკვდები-მეთქი და არ უპასუხია, არ კვდებიო. მითხრა, ყველაფერი შეიძლება მოხდესო და სწორედ ამ დროს ავნერვიულდი.
საავადმყოფოს დატოვება მინდოდა. არ მინდოდა, საავადმყოფოს საწოლში მომკვდარიყავი. ჩემი მიზანი იყო, ბოლო წამები რინგზე გამეტარებინა“.
ცნობისთვის, ტაისონისა და პოლის ბრძოლა ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ „რკინის მაიკის“ პრობლემების გამო, ჩხუბის გადადება გახდა აუცილებელი. მაიკისა და პოლის ჩხუბი თბილისის დროით, 16 ნოემბერს არის ჩანიშნული.