ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

გოლი საიუბილეო ნიშნულამდე - ლევანდოვსკის და ბარსას რეკორდები

ჰანსი ფლიკის მომზადებული „ბარსელონა“ შეჩერებას არ აპირებს და მატჩიდან მატჩამდე თამაშის ხარისხს აუმჯობესებს. კატალონიელებმა მორიგი გამარჯვება გუშინ მოიპოვეს და სტუმრად ჩემპიონთა ლიგის ფაზის ერთ-ერთ აუტსაიდერ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ 5:2 აჯობეს, რითაც მოგებათა სერია 7 მატჩამდე გაზარდეს. ბოლოს კატალონიელები 28 სექტემბერს სტუმრად „ოსასუნასთან“ (2:4) დამარცხდნენ და მას შემდეგ მოგებული შვიდი თამაშიდან ექვსში მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

გამართული და სანახაობრივი ფეხბურთის პარალელურად, „ბარსა“ საოცარი შედეგიანობით გამოირჩევა. 16 შეხვედრაში ფეხბურთელებმა 55 ბურთი გაიტანეს, რაც კლუბის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა და როგორც ლა ლიგაში (40), ასევე ჩემპიონთა ლიგაში (15) კატალონიელები ყველაზე შედეგიანები არიან. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი - „ბარსელონა“ მეტოქესთან ქულების გაყოფას პრაქტიკულად გადაეჩვია და ზედიზედ 30 მატჩია ფრე არ უთამაშია. უკანასკნელად „ბლაუგრანა“ მოწინააღმდეგეს 8 თვის წინ, 3 მარტს დაუზავდა, როდესაც გუნდს ჩავი ერნანდესი ამზადებდა და მაშინ „ატლეტიკოსთან“ მატჩი 0:0 დასრულდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რობერტ ლევანდოვსკის საოცრად შედეგიანი ასპარეზობა - 36 წლის პოლონელი ფორვარდის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 16 მატჩში 19 გოლი და 2 საგოლე პასია. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში კი მის ანგარიშზე 124 მატჩში 99 ბურთია და მომდევნო გოლი, საიუბილეო, მე-100 იქნება. მასზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ (187 მატჩი, 141 გოლი) და ლიონელ მესი (163 მატჩი, 129 გოლი) არიან.

ლევანდოვსკის გარდა, „ცრვენა ზვეზდასთან“ დაპირისპირებაში „ბარსას“ რიგებში გამორჩეული ჟიულ კუნდე გახლდათ, რომელმაც 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბლაუგრანას“ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში თანაგუნდელებს ასისტენტობა 3-ჯერ გაუწია, ჟორდი ალბა გახლდათ და მან ამის გაკეთება 2018 წლის 3 ოქტომბერს, „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგიათ
საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგიათ