„რომ არა მამარდა, ვალენსიას შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნებოდა“ - ესპანური გამოცემა
ესპანური გამოცემა Estadio Deportivo „ვალენსიას“ წარუმატებელ სტარტს ეხმიანება და გუნდის მთავარ ვარსკვლავზე, გიორგი მამარდაშვილზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო ადგილზე მყოფი „ღამურების“ შედეგები მამარდას გარეშე კიდევ უფრო უარესი იქნებოდა.
რას წერს Estadio Deportivo:
„ვალენსიას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტი აქვს: 11 ტურში 1 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება, 7 ქულა და ბოლო ადგილი სატურნირო ცხრილში. Understat-ის მიერ დათვლილი სტატისტიკის მიხედვით, რუბენ ბარახას გუნდს, რომელსაც ამ დროისთვის 17 გოლი აქვს გაშვებული, დაახლოებით 20 გოლი უნდა გაეშვა და ამ 3 გოლს გუნდი სწორედ გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის „ხეტაფესთან“ მატჩი, სადაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მამარდაშვილმა ზედიზედ ორი მსოფლიო დონის „სეივი“ შეასრულა და „ვალენსიას“ 1 ქულა შეუნარჩუნა.
შესაბამისად, ზაფხულში კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ლივერპულში“ გადასული მამარდაშვილი ერთწლიანი იჯარით „მესტალიაზე“ დარჩა, ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.
რაც შეეხება ლა ლიგის სხვა გუნდების მეკარეებს, Understat-ის თანახმად, ყველაზე მეტ გაშვებულ გოლს საკუთარი გუნდი რუი სილვამ („ბეტისი“) გადაარჩინა. პორტუგალიელის შემდეგ რეიტინგში არიან ალექს რემირო („სოსიედადი“), აუგუსტო ბატალია („რაიო“) და ჟოან გარსია („ესპანიოლი“), მამარდა კი ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილის „ვალენსიას“ მომდევნო მატჩი 9 ნოემბერს უნდა გამართულიყო, „ღამურებს“ სტუმრად „ესპანიოლთან“ უნდა ეთამაშათ, თუმცა ესპანეთში ძლიერი წყალდიდობის გამო მატჩი გადაიდო.
ცნობისთვის, 2 ნოემბერს „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ მადრიდის „რეალისთვის“ უნდა ემასპინძლა, თუმცა ეს მატჩი ასევე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველი მეკარე „ენფილდზე“ მომდევნო წლის ზაფხულში გადაბარგდება.