ტიერი ანრი: ბელინგემი ცდილობს გააკეთოს ის, რასაც მბაპე უნდა აკეთებდეს
მადრიდის „რეალს“ რთული პერიოდი აქვს. სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ჯერ „ბარსელონასთან“ 0:4 დამარცხდა, ხოლო შემდეგ „მილანთან“ 1:3.
„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ CBS Sports Golazo-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამ ცუდი მატჩების ერთ-ერთი მიზეზი კილიან მბაპეა.
ანრი მიიჩნევს, რომ გუნდი ფრანგი თავდამსხმელით უკმაყოფილოა და მან უფრო მეტი უნდა იმუშაოს.
„მას მეტი დრო უნდა მიეცეს, მაგრამ იმავე დროს უნდა ისწავლოს თამაში, როგორც 9 ნომერმა. ბელინგემი ცდილობს გააკეთოს ის, რასაც მბაპე უნდა აკეთებდეს. მესმის, რომ მბაპეს არ მოსწონს 9 ნომრად თამაში, მაგრამ შეხედეთ ბელინგემს - ის ცდილობს გაარღვიოს დაცვის ხაზი, მერე უკან ბრუნდება, მერე თავს იცავს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მას მოსწონს? მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ ასეა საჭირო“, - თქვა ანრიმ.
მანამდე Relevo წერდა, რომ მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, კილიან მბაპეს თამაშით უკმაყოფილოა.
კერძოდ, გამოცემის ცნობით, ფრანგ თავდამსხმელს არ სურს გუნდზე იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს თავდაცვაში.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „რეალში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონზე, 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე 7 გოლი და 2 ასისტია.