გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

„ვინ გაუძღვება ლიონს - მეფე გიორგი თუ გენერალი ლაკაზეტი?“ - ფრანგული მედია

ფრანგული გამოცემა SoFoot-ი „ლიონის“ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ არჩევანზე, რომლის წინაშეც ცენტრფორვარდის არჩევასთან დაკავშირებით კლუბის თავკაცი, პიერ საჟი აღმოჩნდა.

რას წერს ფრანგული გამოცემა:

„ჩვენთვის, ახალგაზრდა ფორვარდებისთვის, ლაკაზეტი კერპი იყო. ჩვენ გვსურდა, გვეთამაშა ისე, როგორც თამაშობდა ლაკაზეტი, ლისანდრო ლოპესი, ბაფეტიმბი გომესი, კარიმ ბენზემა... ვცდილობდით, ვარჯიშებზე ის გაგვემეორებინა, რასაც ისინი მოედანზე აკეთებდნენ“ - ასე საუბრობდა ლაკაზეტზე მიქაუტაძე სეზონის დაწყებამდე. 9 წლის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნებით ქართველმა პიერ საჟს თავის ტკივილი გაუჩინა - სასტარტო შემადგენლობის შედგენისას საჟს „გენერალსა“ და „მეფეს“ შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

ერთი მხრივ, 2024 წლის აღმოჩენა ცენტრფორვარდებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, კლუბის ლეგენდა და კაპიტანი - მათ შორის მოექცა მწვრთნელი, რომელსაც მუდმივად რთული არჩევანის გაკეთება უწევს.

ამ სეზონში 24 წლის მიქაუტაძე მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა ძირითადში (ოთხივე ლიგა 1-ში), ხოლო ლაკაზეტმა ლიგა 1-ში 7-სასტარტოში 7-ჯერ, ევროპა ლიგაზე კი 3-ჯერ ითამაშა. ერთხელ, „სტრასბურთან“ მატჩში, (4:3) ძირითადში ორივე მათგანი ერთად გამოჩნდა.

„მწვრთნელთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მე და ლაკაზეტი ერთად ვითამაშებთ შეტევაში. არ ვიცი, ეს როგორი სქემით მოხდება, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ერთად ვითამაშოთ“ - ამბობდა ქართველი ფორვარდი სეზონის დაწყებამდე, თუმცა ეს რთული გასაკეთებელია, როდესაც საჟისთვის ყველაზე მოთხოვნადი სქემა 4-3-3-ია.

პირველი შედეგიანი მოქმედება მიქაუტაძემ მე-8 ტურში გააკეთა (ასისტი „ლე ჰავრთან“), ხოლო პირველი გოლი - მე-9 ტურში (დუბლი „ოსერთან“) გაიტანა. მისი მონაგარი ჯერჯერობით ამით შემოიფარგლება, თუმცა უკეთ არც ლაკაზეტი თამაშობს. „გენერლის“ ანგარიშზე მხოლოდ 3 გოლია (ყველა გასვლაზე), ხოლო ბოლო ორ მატჩში, როდესაც ის ძირითადში გამოვიდა („ბეშიქთაშთან“ და „ლილთან“), კატასტროფულად გამოიყურებოდა.

სამ თვეში მიქაუტაძემ და ლაკაზეტმა მოედანზე ერთად მხოლოდ 166 წუთი გაატარეს. პარტნიორობა, რომელზეც ზაფხულში ამდენი იწერებოდა, ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე რჩება.

ცნობისთვის, დღეს „ლიონი“ ევროპა ლიგაზე სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რკინის მენტალიტეტი მაქვს და ასეთ ხალხს უნდა მოვაკეტინო!“ - მიქაუტაძე სადებიუტო გოლზე
„რკინის მენტალიტეტი მაქვს და ასეთ ხალხს უნდა მოვაკეტინო!“ - მიქაუტაძე სადებიუტო გოლზე