ფუტსალი | საქართველო და ლატვია ფრეს დასჯერდნენ
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგური მატჩი გამართა და დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე გატანილი გოლებით ფრედ დაასრულა – 2:2.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული დაპირისპირების პირველი ნახევარი ბაკლტიისპირელების გამარჯვებით დასრულდა. მე-17 წუთზე გიორგი ღავთაძეს ლატვიელთა მოთამაშემ, ედგარ ტარაკანოვმა ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში ავთანდილ ასათიანის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ სტუმართა დაცვა საიმედოდ თამაშობდა, თავისუფალ ზონებს არ ტოვებდა და საქართველოს ნაკრებს მომენტების შექმნა უჭირდა.
ლატვიელებმა კი 37-ე წუთზე კონტრშეტევა ისევ გოლით დააგვირგვინეს – სტუმართა უპირატესობა ანდრეი ბაკლანოვმა გაზარდა. მაგრამ „ჯვაროსნებმა“ იბრძოლეს და თამაში გადაარჩინეს. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთითა და 54 წამით ადრე გიორგი ჩიმაკაძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 12 წამით ადრე დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები წაგებას გადაარჩინა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩს 7 ნოემბერს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. ეს ჩვენი გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩებია.