ხელბურთი: საქართველო საბერძნეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა
ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 26:27 დამარცხდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გადამწყვეტ უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა.
პირველ ტაიმში, საქართველო 4 ბურთით იყო წინ, თუმცა დაშვებული შეცდომების ფონზე მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. პირველი ნახევარი ჩვენებურების გამარჯვებით 13:12 დასრულდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბერძნეთი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში წინ 2 ბურთზე მეტით ვერ გავიდა. მეტიც, მასპინძლებმა გამარჯვება მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე მოახერხეს, იმ დროს, როდესაც ანგარიში 26:26 იყო. საბოლოო ჯამში, საქართველომ დიდებული შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში საქართველოს ხელბურთის ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 10 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.