„კვარას კონტრაქტის საკითხი დაბლოკილია“ | იტალიელი ჟურნალისტი
იტალიელმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის კონტრაქტზე ილაპარაკა, რომელიც ნეაპოლურ მედიაში კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
„შეიძლება რამე გამოიკვეთოს „ინტერთან“ მატჩის შემდეგ. კვარაცხელია დიდი პროფესიონალია. მას შეუძლია როგორც ძალიან კარგად, ისე არც ისე კარგად ითამაშოს, მაგრამ მისი თამაში არასდროს არის დამოკიდებული კონტრაქტის საკითხზე“, - თქვა ალვინომ.
შეგახსენებთ, რომ კვარას ახალი კონტრაქტის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს.
იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში „ნაპოლი“ ქართველს ხელფასის 1,5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, ხოლო კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი წელიწადში 8-მილიონიან ხელფასს და ფიქსირებული გამოსასყიდის სახით კონტრაქტში 80 მილიონი ევროს დაფიქსირებას ითხოვს.
მოქმედი კონტრაქტი კვარას კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „ნაპოლი“ 10 ნოემბერს, გასვლაზე, უშუალო კონკურენტისა და მოქმედი ჩემპიონის, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. ამ დროისთვის „ნაპოლი“ „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს.