ერთი თვით - რეალმა ჩუამენიც დაკარგა
მადრიდის რეალში ღრმა კრიზისი მძვინვარებს. სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ჯერ ბარსელონასთან 0:4 დამარცხდა, ხოლო შემდეგ მილანთან 1:3.
ამის პარალელურად, სამეფო კლუბში კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ორელიენ ჩუამენიმ ტრავმა მიიღო.
რომანოს თქმით, ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი დაახლოებით 1 თვეს გამოტოვებს. მას ტერფის დაზიანება აქვს.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის ლაზარეთში ჯერ კიდევ დავიდ ალაბა და ტიბო კურტუა იმყოფებიან. 1 წლით დაგვემშვიდობა დანი კარვახალი. იქამდე კი დაახლოებით 2 თვე ედუარდო კამავინგამ გამოტოვა.
ასევე გეტყვით, ბლანკოსი ლა ლიგაში ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება, თუმცა ანჩელოტის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ჩემპიონთა ლიგაზე კი რეალი 4 ტურის შემდეგ, 6 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, 28 ნოემბერს ლივერპულს ესტუმრება.