კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ახლა მისი გათავისუფლება არ განიხილება, მაგრამ...“ - Relevo ანჩელოტისა და რეალზე

ცნობილი ესპანური გამოცემა Relevo მადრიდის „რეალის“ ბოლოდროინდელ წარუმატებელ შედეგებს ეხმიანება და წერს, რომ კლუბში კარლო ანჩელოტის მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მისგან მოკლე დროში სიტუაციის გამოსწორებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არც იტალიელი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამორიცხავენ.

რას წერს Relevo:

„ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან 5 თვის შემდეგ „რეალში“ მწვავე კრიზისია - მხოლოდ 1 გატანილი და 7 გაშვებული გოლი ბოლო ორ მატჩში და ორი მტკივნეული საშინაო მარცხი „ბარსელონასთან“ და „მილანთან“. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობის ზედა ეშელონებში უკვე დაიწყო იმაზე მსჯელობა, უნდა გააგრძელოს თუ არა მუშაობა კარლო ანჩელოტიმ.

„სამართლიანად მიმაჩნია, რომ ჩემ მიმართ კითხვები არსებობს. როდესაც გუნდი შედეგს ვერ დებს, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება“, - აღიარა იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე. იტალიელის ეს სიტყვებიც იმაზე მიუთითებს, რომ ანჩელოტიმ თავადაც იცის - „რეალის“ თავკაცის პოზიციაზე მისი მომავალი კითხვის ქვეშაა.

გუნდის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაცვის ხაზია, ნახევარდაცვას იდეების და ბალანსის დეფიციტი აქვს, ხოლო თავდასხმა რეალიზაციაში მოიკოჭლებს და გუნდს ვერ გააქვს იმდენი გოლი, რამდენსაც ელიან მბაპე-ვინისიუსი-ბელინგემის ტრიოსგან.

სამწვრთნელო შტაბი ეძებს გამოსავალს, გუნდს ხან 4-3-3-ით, ხან კი 4-4-2-ით ათამაშებს, თუმცა ვერც ერთი სქემით „რეალი“ სასურველ შედეგს ვერ აღწევს. კლუბის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ბელინგემთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით, ვინაიდან ყველაზე მეტად ანჩელოტის ექსპერიმენტები ჯუდს აზარალებს. ინგლისელი ხან მარჯვენა ფლანგზეა, ხან მარცხენაზე, და საერთოდ არ თამაშობს იმ ზონაში, სადაც ის გასულ სეზონში ბრწყინავდა.

გარდა ამისა, „ბლანკოს“ დირექტორებს არ მოსწონთ ის, რომ შანსები არ ეძლევა ენდრიკს და, პირველ რიგში, არდა გიულერს. როდესაც თურქი ფეხბურთელი თამაშობს, ის ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ბოლო 3 მატჩში მას სათამაშო დრო არ მიუღია.

„რეალის“ დირექტორთა საბჭო სეზონის მიმდინარეობისას ანჩელოტის გათავისუფლების ვარიანტს არ განიხილავს, თუმცა, თუ შედეგები არ გამოსწორდება, ეს საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „მილანთან“ 1:3 დამარცხდა, მანამდე კი „ელ კლასიკოში“ საკუთარ მოედანზე ჰანსი ფლიკის „ბარსელონასთან“ განადგურდა (0:4).

აქვე გეტყვით, რომ „სამეფო კლუბი“ ლა ლიგაში „ბარსას“ 9 ქულით ჩამორჩება (და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზეა.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „რეალი“ 9 ნოემბერს შინ „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩამოშლილი რეალი - მილანმა ბერნაბეუზე მოიგო
ჩამოშლილი რეალი - მილანმა ბერნაბეუზე მოიგო