ინიციატივის ავტორი ვინისიუსი იყო | რეალის ფეხბურთელების ღირსეული ჟესტი
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებოდნენ. Cadena Ser-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ მოთამაშეებმა დაზარალებულთა დახმარების ფონდს დიდი თანხა გადაურიცხეს.
ესპანური გამოცემის მიხედვით, „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებმა 1 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს, თუმცა, კონკრეტული თანხა უცნობია. რამდენიმე დღის წინ, „რეალმა“, როგორც კლუბმა, წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო და როგორც Cadena Ser-ი წერს, „ბლანკოსის“ მოთამაშეებმა აღნიშნულ თანხაზე მეტი გაიღეს.
ინიციატივის ავტორი ვინისიუს ჟუნიორი გახლავთ. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ვინი“ და მისი თანაგუნდელები მომხდარის გამო განადგურებული არიან და ხვდებიან, დაზარალებულ ოჯახებს რასთან უწევთ გამკლავება. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ და ვალენსიელებისთვის ხელი გაემართათ.
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა, ბევრი კი დაკარგულად ითვლება. აქამდე დადასტურებული გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევა ვალენსიის რეგიონში დაფიქსირდა.