მაიკ ტაისონი
Aa Aa

მარიხუანა, წვეულებები, მტრედები და დოპინგი | მაიკ ტაისონის გიჟური ისტორიები

კრივი არის სპორტი, რომელსაც საკულტო გმირების შექმნა შეუძლია. ასეთი სტატუსის მქონე ადამიანების კარიერა და ცხოვრება მთელი მსოფლიოს სასაუბრო თემაა, მაგრამ მათ შორისაც არიან გამონაკლისები. გამონაკლისები, რომლებიც ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ და თავიანთი გიჟური ქმედებებით ჟურნალების, პაპარაცებისა და ფართო მასების ყურადღების ცენტრში სისტემატურად ხვდებიან. დღეს, სწორედ ასეთ ადამიანზე უნდა გელაპარაკოთ და მაიკ ტაისონის ცხოვრების გიჟური ამბები გაგიზიაროთ. „რკინის მაიკი“ მძიმე წონითი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი და კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური მოკრივეა, მაგრამ ბევრმა მისი სახელი იმ სიგიჟეების გამო უფრო იცის, რომლებიც რინგს მიღმა ჩაუდენია.

ტაისონის წვეულებები, ვეფხვი და The Notorious B.I.G.

მაიკ ტაისონის წვეულებები ლეგენდებად იყო ქცეული და მას ცნობილი ადამიანები ხშირად ესწრებოდნენ. NBA-ის ყოფილი კალათბურთელი, სემ პერკინსი იხსენებს, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე სტუმრად ლეგენდარული რეპერი, The Notorious B.I.G-იც იმყოფებოდა. ტაისონის წვეულებებს კიდევ ერთი გიჟური ისტორია უკავშირდება. ერთ-ერთ წვეულებაზე, რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა გადაწყვიტა, ტაისონის სასახლეში ლიმუზინით მისულიყვნენ. როცა ადგილზე აღმოჩნდნენ, მანქანასთან უეცრად უზარმაზარი ვეფხვი დაინახეს. რამდენიმე წამი და სასახლიდან მაიკი გამოვიდა, ვეფხვს „შეებრძოლა“ და სასახლეში დააბრუნა.

მაიკ ტაისონი და პიტერბრო იუნაიტედი

საფეხბურთო კლუბი „პიტერბრო იუნაიტედი“ ალბათ ბევრს საერთოდ არ გაგიგიათ, მაგრამ იცით, რომ ერთხელ, მაიკ ტაისონი მისი ქომაგის სტატუსით მოგვევლინა. „პიტერბრო იუნაიტედი“ ამხანაგურ მატჩს მართავდა, რომელსაც „რკინის მაიკიც“ დაესწრო და აღნიშნული კლუბის მაისურში გახლდათ გამოწყობილი.

ტაისონს მაისური კი ეცვა, მაგრამ შესვენებაზე გაკეთებული განცხადებისას აღიარა, რომ „პიტერბრო იუნაიტედის“ შესახებ არაფერი სმენია. იმ შეხვედრაში, „პიტერბროს“ მოწინააღმდეგე „ვესტ ჰემი“ იყო და როცა ტაისონს „ჩაქუჩებზე“ ჰკითხეს, მან თქვა: „კი, ვესტ ჰემი გამიგია“.

როცა ჩხუბამდე მარიხუანა მოწიე, მაგრამ მეტოქე მაინც გაანადგურე

2000 წლის 20 ოქტომბერს, მაიკ ტაისონი ენდრიუ გოლოტას დაუპირისპირდა. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა. მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, პოლონელმა მოკრივემ ორთაბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. თავდაპირველად, მას ცუდი მოკრივე და მხდალი ადამიანი უწოდეს, მაგრამ საავადმყოფოში მისვლისას გაირკვა, რომ გოლოტას ტვინის შერყევა, ყვრიმალის ჩატეხილი ძვალი და ხერხემლის პრობლემები ჰქონდა.

იცით უფრო საინტერესო რა არის? ჩხუბის შემდეგ, ტაისონს ორგანიზმში მარიხუანა აღმოუჩინეს და ორთაბრძოლის შედეგი ე.წ No Contest-ად გამოცხადდა. მოგვიანებით, „რკინის მაიკმა“ განაცხადა, რომ ეს ერთადერთი ჩხუბი იყო, რომელიც მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ჩაატარა.

ბავშვობა და მტრედების სიყვარული

ტაისონი ნიუ იორკში დაიბადა და მამამ ადრეულ ასაკში მიატოვა. მაიკი პატარაობიდან ჩხუბობდა და როგორც თავად ამბობს, ორთაბრძოლებში 9 წლიდან იყო ჩართული. ამერიკელი მოკრივე პრობლემური ბავშვი იყო და 13 წლის შესრულებამდე, 30-ზე მეტჯერ დააპატიმრეს. არ გეგონოთ, რომ ტაისონი სუსტი ბავშვი იყო. პირიქით, 12 წლის ასაკში 90 კილოგრამს იწონიდა და მის წინააღმდეგ შანსი არავის ჰქონდა. როცა მისი ასაკის ბავშვები ვერაფერს ხდებოდნენ, მშობლებთან მიდიოდნენ და მაიკი უკვე ზრდასრულ მამაკაცებს ეჩხუბებოდა, მაგრამ მათაც არაფერი გამოსდიოდათ.

„დღეში სამი-ოთხჯერ ვჩხუბობდი. ვიღაც ბიჭებს ვეჩხუბებოდი და საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ტირილს იწყებდნენ, სახლში მიდიოდნენ და მამები მოჰყავდათ, რის შემდეგაც მათთან მიწევდა ჩხუბი“, - იხსენებს ტაისონი.

მაიკი მტრედებისადმი სიყვარულითაა ცნობილი და ბავშვობაში, ამის გამო, მეეზოვესთანაც მოუვიდა ჩხუბი. „რკინის მაიკმა“ ერთი მეეზოვე დაანოკაუტა კიდეც. იცით რატომ? მან ტაისონის მკვდარი მტრედი ნაგვის მანქანაში ჩააგდო.

„10 წლის ვიყავი, როცა ერთ დღეს გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი მტრედი, სახელად ჯულიუსი მკვდარი იყო. განადგურებული ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის განკუთვნილი ხის ყუთისგან კეტი გამეკეთებინა და ჯულიუსისთვის პატივი ასე მიმეგო. ხის ყუთში მოთავსებული ჯულიუსი სახლის წინ, კიბეებთან დავტოვე და სახლში შევბრუნდი, რათა რაღაც ამეღო. როცა გამოვედი, დავინახე, რომ მეეზოვემ ყუთი ნაგვის მანქანაში ჩააგდო მაშინვე მასთან მივვარდი და მარჯვენა ხელით დავანოკაუტე“, - ამბობს ტაისონი.

როგორ აბარებდა დოპინგ ტესტს

მაიკ ტაისონი ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე უარს არასდროს ამბობდა და ეს კარიერაში ხელს საერთოდ არ უშლიდა. მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციის საფრთხე არსებობდა, „რკინის მაიკი“ ახერხებდა, ტესტი მოეტყუებინა და სუფთა გამოსულიყო. იცით, ამას როგორ აკეთებდა? ხელოვნურ პენისს იყენებდა.

„ხელოვნურ პენისში ჩემი შვილის შარდს ვასხამდი და თავს ასე ვიძვრენდი. როცა დოპინგ-ტესტს გიტარებენ, შენ წინ მამაკაცები დგანან და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, როცა პენისს უჩვენებ. სწორედ ამიტომ, ზურგით ტრიალდებოდნენ ან მარტოს მტოვებდნენ, რასაც ჩემ სასარგებლოდ ვიყენებდი.

იცით, ყველაზე საინტერესო რა არის? ჩემი მეუღლის შარდს ვიყენებდი და ერთხელ მითხრა: „გაოცდებიან, როცა შედეგები მიუვათ, რადგან გაიგებენ, რომ ორსულად ხარ“. ამან ძალიან შემაშინა. მქონდა ფაქტები, როცა სხვა მოკრივეებთან მიმართებით, რაღაც მსგავსი მომხდარა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი შვილების შარდი გამომეყენებინა“, - ამბობს მაიკი.

ტაისონი და მისი საყვარელი ვეფხვი და პუმა

ტაისონის ეგზოტიკური ცხოველებისადმი სიყვარული საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. „რკინის მაიკს“ ვეფხვი ჰყავდა, რომელსაც საკუთარი შვილივით უვლიდა და მის შინაურ ცხოველს ერთი საინტერესო ამბავი უკავშირდება. ჯეფ ფენეკი ტაისონის ყოფილი მწვრთნელია და მან, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარი შეგირდის ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდა.

„არასდროს დამავიწყდება მომენტი, როცა ტაისონის სახლში პირველად მივედი. უზარმაზარი ვეფხვი ჰყავდა. უეცრად, მაიკმა დამიჭირა და ვეფხვთან ერთად გალიაში ჩამკეტა. მშიშარა ადამიანი საერთოდ არ ვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩავისვარე და გალიიდან გამოსვლის შემდეგ, საცვლის გამოცვლა მომიწია“.

ვეფხვის გარდა, ტაისონს პუმაც ჰყავდა და ფენეკის ქალიშვილს მის გამო სკოლაში პრობლემები შეექმნა. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა გოგონა სკოლაში მიდის და თანაკლასელებს უყვება, ტაისონის პუმასთან დრო როგორ გაატარა. ფენეკს სკოლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ქალიშვილი ტყუილს ტყუილზე იგონებდა და თანაკლასელებზე შთაბეჭდილების მოხდენას ასე ცდილობდა, თუმცა, ფინიკის მეუღლე სკოლაში წავიდა, „რკინის მაიკთან“ და მის პუმასთან გადაღებული ფოტოები წაიღო და ყველა დაარწმუნა, რომ მისი ქალიშვილი არ ტყუოდა.

როგორ მოქრთამა პოლიციელი

მაიკ ტაისონსა და მის ყოფილ მეუღლეს, რობინ გივენსს ერთხელ სერიოზული გაუგებრობა მოუვიდათ. Burger King-ის რინგში მდგომ ტაისონს გივენსი გაუბრაზდა. მათ იკამათეს, რის შემდეგაც რობინი ავტომობილში ჩაჯდა, ავარიაში მოყვა და ერთ-ერთ ადამიანს დაეჯახა, რომელმაც ხელი მოიტეხა. ტაისონს შეეშინდა, რომ დააპატიმრებდნენ, რადგან ავტომობილს სანომრე ნიშნები არ ჰქონდა და სამართალდამცველებს ქრთამის სახით, როლს როისი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

„უბრალოდ წაიყვანე ეს მანქანა! მას ჩემთვის ცუდის გარდა არაფერი მოუტანია“, - უთხრა ტაისონმა პოლიციელს და ნიუ იორკში ტაქსით დაბრუნდა. სამართალდამცველები ქრთამის აღების ბრალდებით მალევე დააკავეს. მათ დანაშაული აღიარეს და გარკვეული დროით, უფლებამოსილება შეუჩერეს, თუმცა, პატიმრობა არ შეუფარდებიათ.

Tupac Shakur

მაიკ ტაისონისა და თუფაქ შაქურის სახელები ერთმანეთთან სამუდამოდაა დაკავშირებული. 1996 წელს, ცნობილი რეპერი მას შემდეგ მოკლეს, რაც ის „რკინის მაიკისა“ და ბრიუს სელდონის ორთაბრძოლას დაესწრო. სიკვდილამდე, ტაისონსა და თუფაქს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ და რეპერი მას ციხეშიც ესტუმრა. ციხის ზედამხედველებს თუფაქი დიდად არ მოსწონდათ, რადგან როცა ის ტაისონის სანახავად მიდიოდა, პატიმრები ხმაურს ტეხდნენ და მას განსაკუთრებულად ხვდებოდნენ.

სხვათა შორის, ტაისონი იხსენებს, რომ ერთ-ერთი სტუმრობისას, თუფაქს უთხრა, რომ არ მოსწონს ხალხი, რომლებთანაც მას ურთიერთობა და კავშირები აქვს.

ტაისონი და გორილა

დაბოლოს, ტაისონის გიჟური ისტორიების პირველ ნაწილში უნდა ვახსენოთ ამბავი, რომელიც 1988/89 წლებში მოხდა. ერთ დღეს, „რკინის მაიკმა“ დიდი თანხა გადაიხადა, რათა ზოოპარკი მისთვის და მისი მაშინდელი მეუღლისთვის, რობინ გივენსისთვის დაეხურათ. ტაისონსა და გივენსს პირადი ტური მოუწყვეს და მაიკი, რის მაიკია უცნაური იდეა რომ არ მოსვლოდა.

„როცა გორილების გალიასთან მივედით, ერთი გორილა სხვებს ჩაგრავდა. ზოოპარკის თანამშრომმელს 10 000 აშშ დოლარი შევთავაზე, რათა გალია გაეღო და ჩემთვის გორილას ცემის საშუალება მოეცა, მაგრამ უარი მითხრა".

ბუნებრივია, ეს ყველაფერი არაა და „რკინის მაიკს“ სხვა გიჟური ისტორიებიც უკავშირდება, რომლებზეც ოდესმე აუცილებლად ვისაუბრებთ.

გაზიარება: