პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„შედეგების მხრივ რთული მომენტი დაგვიდგა, მაგრამ არ დავნებდები“ - გუარდიოლა

ლისაბონის „სპორტინგთან“ დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ პირველ ტაიმში გაფლანგულ საგოლე მომენტებზე და „ქალაქელების“ წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

პეპ გუარდიოლა:

„როდესაც კალენდარში ამდენი მატჩია, შეუძლებელია ყველა მატჩში ერთი და იგივე მცველები ათამაშო. ამ პრობლემას წავაწყდით, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ასეთია პირობები. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული სეზონი იქნებოდა.

შედეგების მხრივ ახლა რთული მომენტი დაგვიდგა, მაგრამ მე დანებება არ მსურს. ვიბრძოლებ, იმიტომ რომ როგორც მწვრთნელს, ეს გამოწვევა ძალიან მომწონს.

შესაძლოა, ბოლო 7 წელიწადში პრემიერლიგის 6-ჯერ მოგება (მათ შორის 4-ჯერ ზედიზედ) საპირისპიროზე მეტყველებს, მაგრამ ასეთია ფეხბურთი, ხანდახან შეიძლება დამარცხდე.

„სპორტინგმა“ დაგვსაჯა და გამოიყენა ის მცირე რაოდენობის მომენტები, რომლებიც ჰქონდა, ჩვენ კი საკუთარი მომენტები გავფლანგეთ. შეხვედრის ბედის გადაწყვეტა პირველ ტაიმშივე შეგვეძლო, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე ორი გოლი გავუშვით და ანგარიში 1:3 გახდა. დღეს კარგი მატჩი გვქონდა. „ბორნმუთთან“ ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მათ ის მოგება დაიმსახურეს, დღეს კი ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „სიტი“ სტუმრად „სპორტინგთან“ 1:4 დამარცხდა - ანგარიში ფილ ფოდენმა გახსნა, თუმცა შემდეგ ჰეთთრიკი პორტუგალიელთა ფორვარდმა ვიქტორ გიოკერეშმა შეასრულა, კიდევ ერთი  გოლი კი მაქსიმილიანო არაუხომ გაიტანა.

4 მატჩის შემდეგ გუარდიოლას გუნდი 7 ქულით მე-6 ადგილზეა და წინ აქვს მატჩები „ფეიენოორდთან“, „იუვენტუსთან“, „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ბრიუგესთან“.

რაც შეეხება „სპორტინგს“, „სიტისთან“ მოგებული მატჩი უკანასკნელი იყო ჩემპიონთა ლიგაზე „ლომების“ მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმისთვის, რომელიც კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს და პეპ გუარდიოლას 15 დეკემბერს, უკვე მანჩესტერულ დერბიში დაუპირისპირდება. 4 ტურის შემდეგ „სპორტინგს“ ჩემპიონთა ლიგაზე 10 ქულა აქვს და ჯერჯერობით ამორიმის გუნდი მე-2 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს იმიტომ მოვიგეთ, რომ...“ | რას ამბობს ფონსეკა
„დღეს იმიტომ მოვიგეთ, რომ...“ | რას ამბობს ფონსეკა