„დაღესტნელებმა თეიქდაუნი ვერ შეუსრულეს“ | ედი ალვარესის ისტორია ილიაზე
ედი ალვარესი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია და მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ფლობდა. ალვარესმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და გაგვიზიარა ისტორიები, რომლებიც MMA-ის სპორტდარბაზში, Kill Cliff FC-ში მოვარჯიშე მებრძოლებისგან მოისმინა.
ალვარესის თქმით, „ელ მატადორი“ Kill Cliff FC-ში სავარჯიშოდ იყო მისული და სპარინგ-პარტნიორებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თოფურიამ რამდენიმე მებრძოლი სპარინგისას დაანოკაუტა და დაღესტნელებს, რომლებიც ჭიდაობით არიან სახელგანთქმული, თეიქდაუნების შესრულების საშუალება არ მისცა.
„ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომ თოფურია Kill Cliff FC-ში მივიდა და ვარჯიშისას სამი მებრძოლი დაანოკაუტა. გარდა ამისა, დაღესტნელებმა მას თეიქდაუნი ვერ შეუსრულეს, თავად კი ისინი პარტერში გადაიყვანა. ჩხუბი დიდხანს არ გრძელდება და ყველაფერს ვერ აჩვენებ, ვარჯიშებისას კი განსხვავებული ვითარებაა, რადგან მოდუნებული ხარ და ერთსა და იმავეს სტაბილურად აკეთებ. საერთოდ რა ხვრელებზეა საუბარი, როცა ილია სპარინგ-პარტნიორებს ანოკაუტებს და დაღესტნელებს თეიქდაუნების შესრულების საშუალებას არ აძლევს?
ახლახან, თოფურია მაქს ჰოლოუეის ძალასა და გამძლეობას გაუმკლავდა. თანაც, კარიერის საწყის ეტაპზე, ჭიდაობითა და ჯიუ-ჯიცუთი იყო ცნობილი და მეტოქეებს საბმიშენებით ამარცხებდა. ასე რომ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ბიჭს ყველანაირი იარაღი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიაზე მსგავსი ისტორია გილბერტ ბერნსსაც აქვს მოყოლილი. ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, „ელ მატადორმა“ მისი სპარინგ-პარტნიორები დაანოკაუტა და მათ შანსი არც პარტერში დაუტოვა.