„დაცვა ჩვენი მთავარი პრობლემაა“ | რა თქვა ანჩელოტიმ მილანთან წაგების შემდეგ
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „მილანთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა. „ელ კლასიკოში“ 0:4 განადგურების შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ „როსონერისთანაც“ ვერაფერი გააწყო და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:3 დამარცხდა.
„ბოლო მატჩებში, რეალი კარგ ფეხბურთს არ აჩვენებს. სიმტკიცე არ გვყოფნის და სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. პრობლემა ისაა, რომ თავს ცუდად ვიცავთ და გუნდი საკმარისად კომპაქტური არაა. უფრო კომპაქტური და ორგანიზებული უნდა გავხდეთ. ბევრ გოლს ვუშვებთ და ეს საკითხი უნდა გამოვასწოროთ.
მოედანზე ჩანს, რომ რაღაც გვაკლია და ჩვენი თავის ახალ ვერსიას ვერ ვაჩვენებთ. უნდა დავიბრუნოთ სოლიდურობა და სიმტკიცე, რაც ძალიან გვაკლია. ეს მთავარი პრობლემაა და სოლიდური გუნდისთვის ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ.
კრიტიკა უნდა მივიღოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. პროგრესის მიღწევა გვინდა, რადგან ასე სეზონის ბოლომდე მისვლა გაგვიჭირდება. თავი უკეთ უნდა დავიცვათ და გამოსავალი ისე ვიპოვოთ, რომ გიჟური ცვლილებები არ დაგვჭირდეს“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე, „რეალს“ 4 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 6 ქულაა. „სამეფო კლუბი“ მე-17 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, „ოსასუნას“ წინააღმდეგ, ესპანეთის ლა ლიგის ეგიდით ელის.