ლიონის ყოფილი მეკარე: “ლაკაზეტი სკამზე, მიქაუტაძე ძირითადში“
ოსერთან შესრულებული დუბლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძეს ლილის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ელოდნენ, თუმცა პიერ საჟმა ის მაინც სათადარიგოთა სკამზე დასვა და თამაშში 84-ე წუთზე ჩართო.
სულ მალე, ლიონი ევროპის ლიგაზე ჰოფენჰაიმს სტუმრად დაუპირისპირდება. ფრანგული კლუბის ყოფილი მეკარე და ამჟამად კონსულტანტი ნიკოლას პუიდებუა ფიქრობს, რომ ქართველი თავდამსხმელი ძირითადში უნდა იყოს.
პუიდებუა:
„ჩვენ გვყავს გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ახლა ძირითად შემადგენლობაში არ განიხილება. ის აქ ლაკაზეტის სკამზე დასასმელად მოვიდა. ვფიქრობ, რომ მას სხვანაირად უნდა მივუდგეთ. დროა ლაკაზეტი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს, მიუხედავად ყველა იმ თვისებისა, რომელიც მას გააჩნია. მას იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს.
მიქაუტაძემ სულ ცოტა ხნის წინ, დუბლი შეასრულა. ვიმეორებ, ის აქ გარდამავალი ცვლილებებისთვის არის მოსული. ბევრი ძლიერი მხარე აქვს და პიერ საჟს თავისუფლად შეუძლია, რომ ლაკაზეტი რამდენიმე მატჩში სკამზე დასვას.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ უგოლო სერია შეწყვიტა და ოსერს დუბლი შეუსრულა. ლიონი ევროპის ლიგაზე ჰოფენჰაიმთან 7 ნოემბერს ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.