გავბრაზდი, დავარტყი და ჯერარდის გოლი გავიტანე - ინტერვიუ სანდრო ალთუნაშვილთან
„ვოლფსბერგერის'' ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში „კლაგენფურტთან'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა. როგორც თავად თვლის, კარიერაში საუკეთესო. Sky Sports Austria-ს გამოკითხვაში დიდი უპირატესობით პირველ ადგილზეა.
„ვოლფსბერგერის'' საყრდენი CrystalSport-თან ინტერვიუში ავსტრიული კარიერის რთულ ეტაპზე, სანაკრებო გამოცდილებაზე, ვილი სანიოლთან მუშაობაზე, ქართული ფეხბურთის ახალ თაობასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.
„გუშინ ვფიქრობდი: ეს საუკეთესო გოლია ჩემს კარიერაში? ალბათ კი, ასეა. ბავშვობიდან სტივ ჯერარდი ხომ მომწონდა? სტივის სტილში იყო. ახლაც არ ვარ იდეალურ სიტუაციაში, მაგრამ სეზონის სტარტზე სკამზე ვიჯექი და ნერვები კარგ დღეში არ მქონდა, თუმცა ნებისყოფით ვცდილობდი ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად გამეკეთებინა. ასე ვიტყვი, შრომა გავეცი და ეს გოლი დამიბრუნდა.
ვარჯიშის მერე ვრჩები ხოლმე და დარტყმებზე ვმუშაობ. სადღაც ხომ უნდა გასულიყო ასეთი გოლი? ვგრძნობდი, ველოდებოდი. ჩემთან ახლოს არავინ იდგა, ვიფიქრე, გადმოვარდება და დავარტყამ. ადრეც მქონდა ასეთი მცდელობები. მაგალითად, „საბურთალოში'' თამაშისას თბილისის „დინამოს'' წინააღმდეგ, მაგრამ არ გამოვიდა.
გასახდელში ვიგებთ ხოლმე სასტარტოს სიას. ჩემი გვარი იქ არ იყო, გაბრაზებული ვიყავი და გაბრაზებულზე დავარტყი. დღეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მოდის, ბუცზე მიყურებს და ხუმრობით მეუბნება: რა დაარტყი გუშინ ასეთი?! ჯიგარია.
ევრო 2024 მორჩა, ავსტრიაში ჩამოვედი და ახალი მწვრთნელი დიტმარ კიუბაუერი დამხვდა. მასთან პირველი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ სათამაშო დროს არ მომცემდა. პარალელი გამივლო მის ყოფილ ფეხბურთელზე, ჩემი სტილის მოთამაშეა და მასაც იდენტური პრობლემა ჰქონდა, თავიდან ჩემთან არ თამაშობდაო და შემდეგ გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდაო.
ერთ ვარჯიშს გავიხსენებ, ძალიან კარგად ვიყავი, გუნდელები ვერატის მეძახდნენ, მეგონა სასტარტოდან დავიწყებდი, მაგრამ 18 კაცშიც ვერ მოვხვდი. ზოგადადაც და ასეთ ვითარებაშიც ნებისყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ვეუბნები რომ ნებისყოფა ყველაფერში საჭიროა. ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პერსონალური მწვრთნელი ავიყვანე... ახლა ერთადერთი, რაც მაკლია, სათამაშო დროა. აგვისტოს შემდეგ დრო გამეზარდა, თუმცა მეტი მჭირდება. გახსოვს „საბურთალოში'' ფეხი რომ მოვიტეხე? 2017 წელი იყო... იქიდან მოყოლებული ნებისყოფა გამომუშავებული მაქვს. ტრავმის მერე ბრუნდები და ფორმაში არ ხარ, მაშინ გამოვიმუშავე ნებისყოფა, შენი საქმე რობოტივით უნდა აკეთო, მოთმენა Mode ჩართული მაქვს.
ფიზმომზადების მწვრთნელი ავიყვანე, ალექსანდარ სტაიკოვაცი. სულ მინდოდა და ვერ ვაბამდი თავს, აგვისტოდან დავიწყე. იცი როგორი პრობლემები მქონდა? კონკრეტული კუნთი მალე მეღლებოდა, ფეხებს ცოტა მძიმედ ვგრძნობდი ხოლმე. 10 წლის წინ მასთან ვარჯიში კაშომ დაიწყო. კაშოს რომ ჰყავდა, ეგ ნიშნავს რომ კარგად გამომადგება. ახლა კიტესთან და ლოჩოსთან მუშაობს. მე ლოჩომ დამაკავშირა. წელს დავიწყე პირველად ესე, რომ ჩემს თავს ყველანაირად ვუვლი. გუნდში „მანქანას'' მეძახიან, მაგრამ აქ სხვებიც მაგრად დარბიან.
მამა ფუტსალს თამაშობდა. როცა დედას ჩემი დები ცირკში მიჰყავდა, მე ბურთი და მამასთან ერთად ყოფნა მინდოდა. ბაბუა უფრო ფინანსურად მეხმარებოდა, როცა შეკრებაზე უნდა წავსულიყავი.
ბავშვობიდან ვოცნებობდი „ლივერპულში'' თამაშზე. მამარდამ ჩემი ოცნება აიხდინა, შურიანი არ ვარ, მაგრამ რომ ამბობენ თეთრი შურით გშურსო, ჩემს თავზე პირველად გამოვცადე. თამაშებზე ჩავალ ხოლმე, მაგრამ მაგას ბრიტანეთის ვიზა უნდა. იმედია, მამარდა მოწვევას გამომიგზავნის.
ლუქსემბურგთან თამაშის წინ ბაბუა გარდაიცვალა, იცი რა დამემართა... თამაშების დღეებში იცი როგორ ვიყავი, თითქოს ნახევარი გული აღარ მქონდა, ევროპის ჩემპიონატზე გავედით, თუმცა ეს ჩემთვის სევდანარევი სიხარული იყო. რა ბედნიერი იქნებოდა ბაბუა. ამ ყველაფერს, ევროზე გასვლას ვერ მოესწრო. სულ მეუბნებოდა, თქვენმა თაობამ სიტყვა უნდა თქვასო, უკვე დროაო...ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა, საქართველოში ჩემს თამაშებზე დადიოდა და რაც ავსტრიაში გადმოვედი, სტრიმებს უყურებდა.
იცი როგორი ვარ? ყველაზე ბოლოს მივმართავ ვინმეს დახმარებისთვის. მირჩევნია ჩემით ვიწვალო, რამე გავაკეთო და თუ შანსი არაა, მერე შეიძლება ვკითხო ვინმეს, ყველაფერში ასეთი ვარ. ასე ადამიანი უფრო იზრდები, მე ასე ვუყურებ.
თავიდან, როცა ავსტრიაში ჩამოვედი, ვფიქრობდი ჩემი ინგლისური რამდენად გამომადგებოდა. ენის მხრივ პრობლემა არ მქონია, მაგრამ მინდა გერმანულიც ვისწავლო. სიტყვები მესმის, თუმცა ეს საკმარისი არაა. ზაფხულში გერმანულის დაწყება მინდოდა, მაგრამ რომ ჩამოვედი და ასეთი სიტუაცია დამხვდა, სკამზე ვიჯექი, გერმანულის სწავლა ცოტა გადავწიე, მაგრამ დავიწყებ, გამომადგება. ნაკრების შეკრებაზე რომ ჩავდივარ ხოლმე ვილი მეკითხება გერმანულად რაღაცებს, მეხუმრება ხოლმე.
რაც ავსტრიაში გადმოვედი, ვარჯიშები დილით მაქვს და აქ მივხვდი, რომ ძილი ყველაზე მაგარი აღმდგენია, ძილის რეჟიმი დავარეგულირე. თან მიყვარს დილით ადრე გაღვიძება, არ მიყვარს 11-ზე და 12-ზე რომ იღვიძებენ, ჩემს შეყვარებულს სულ ვეჩხუბები, რომ ადრე გაიღვიძოს, მერე მარტო მიწევს საუზმე და ცოტა ნერვები მეშლება ხოლმე. საჭმლის კეთება მიყვარს, ბათუმში იმდენად არა და აქ დავიწყე აქტიურად. აი გეტყვი წეღან რა ვჭამე, მაკარონი მოვიხარშე და ბოსტნეულის სალათა გავიკეთე. ბოსტნეული ადრე არ მიყვარდა და ახლა ხილს და ბოსტნეულს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. კარგი ღუმელი მაქვს, რაშიც გამიმართლა, ხან ქათმის ფილეს ვწვავ ხოლმე და ხან ორაგულს. აქ დავიწყე ტკბილი კარტოფილის ჭამა და ძალიან ჯანსაღია. მოკლედ, მიყვარს მზარეულობა, მაგრამ შეფ კონსტანტინე რომ ომლეტს აკეთებს, ეგეთს ვერასდროს გავაკეთებ. ძალიან გემრიელია. ასევე, მდოგვის და თაფლის სოუსი აქვს ძალიან გემრიელი. ნაკრებში რომ მივდივარ ხოლმე, მეთქი მოასხი შეფ.
მიყვარს როცა რეჟიმი დალაგებული მაქვს, ინტერვიუს სანამ დავიწყებდით, გრაცში ვიყავი და იქიდან ჩამოვფრინდი, რომ სახლში მეჭამა, გარეთ კვება არ მიყვარს. ბათუმში ამის საშუალება იყო, რომ გარეთ ჯანსაღად მეკვება, მაგრამ აქ ძნელია. თან აქ მზარეულობაში გავიწაფე.
რაც შეეხება სათამაშო დროს ეროვნულ ნაკრებში, ვცდილობ ყოველთვის მზად ვიყო და მწვრთნელის გადასაწყვეტია რა დროს მომცემს. მონტენეგროსთან კარგად ვითამაშე, თურქეთთანაც კარგად შევედი, უბრალოდ იმ მომენტმა ჩემზე იმოქმედა, როცა ბურთი დავკარგე და მესამე გოლი გავუშვით. ვილიმ მითხრა, შენი თავი საერთოდ არ დაადანაშაულოო. მაგ მომენტიდან დავიწყე ყურება, რომ ნერვები კი არ მომეშალოს და ძალიან კი არ განვიცადო, არამედ რაღაც ვისწავლო.
გახურებულიც არ ვიყავი, როცა ესპანეთთან მოედანზე შევედი. თან ასეთი დონის მეტოქეა და თან იმაზე ვფიქრობდი, რამე ტრავმა არ მივიღო, გაუხურებელი ვიყავი, ცოტა დავითრგუნე.
თუ ვილი 8 ნომერზე დამაყენებს, საჯარიმოდან საჯარიმომდე მოქმედი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შემიძლია. იდეაში შესაძლებელია ამ პოზიციაზე გამომიყენოს როგორც პრესინგის, ასევე ბურთის ამოტანის კუთხით. სხვათა შორის ადრე ასე არ იყო, მაგრამ ახლა ვარჯიშებზე რამეს კარგად რომ გავაკეთებ, ვილი კომპლიმენტს მეუბნება ხოლმე.
ვილის გადაწყვეტილებების მესმის. მაგალითად, ევროზე, როცა კიტე არ იყო, მექვაბა დააყენა, მას უფრო მეტი სანაკრებო გამოცდილება აქვს ვიდრე მე და შესაძლოა იმ ფეხბურთელს უფრო მეტად უნდა ენდო, ვისაც ზურგს სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს. ყოველთვის ვცდილობ ვითარებას მწვრთნელის გადმოსახედიდან შევხედო. ვილის მადლიერი ვარ, შეიძლება ბევრს არ ვთამაშობ, მაგრამ ბოლობოლო იმ 24 კაცში ვიყავი, ისტორიაში რომ შევიდა. ყველგან და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ვილიმ დიდი საქმე გამიკეთა.
ვერ ვიტყვი რომ ევრომდე გუნდში თავდაჯერება არ იყო, მაგრამ ევროს შემდეგ ნაკრებში ეს თავდაჯერება უფრო მეტია. როცა რაღაც ისეთს მიაღწევ, რაც შენს ქვეყანაში არავის მიუღწევია, თავდაჯერება და რწმენა გემატება. ასევე, ხალხის სიყვარულიც წამოვიდა, მანამდე თითქოს ცოტა არარეალური სურვილები იყო, მაგრამ ახლა უფრო რეალური გახდა, რასაც ითხოვენ უფრო რეალურად ითხოვენ, აი ეს შევძელით, ხალხის სურვილები და ჩვენი შესაძლებლობები ერთ სიმაღლეზეა.
ის 1 თვე, შეკრება და ევროპის ჩემპიონატის პერიოდი, ისე გავიდა, გვინდოდა არ დასრულებულიყო. ძალიან კარგი გარემო იყო და ეს ვილის დიდი დამსახურებაა. ნაკრებში ზოგ თანაგუნდელთან ხშირი შეხება არ მქონია, არ გვიწევდა, მაგრამ ვილიმ ისეთი გარემო შექმნა, ვფიქრობდი რომ მათ მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
პერსპექტივაში მუნდიალზე გასვლა რეალური მგონია, პოზიტიურად ვუყურებ. ვიცი იმ ფეხბურთელების შესაძლებლობა, ვინც დღეს ნაკრებშია და იმათიც ვიცი, ვინც ხვალ შეიძლება მოხვდეს ნაკრებში. ჩემს დროს ასე არ იყო, ახლა ყველა მშრომელია. როცა ვიზრდებოდი, მაშინ შესაბამისი განათლებაც არ იყო, ახლა ბევრი რამე იმდენად განვითარდა, მარტო ფიზმომზადების მწვრთნელი იმდენია.... მაგალითს მოვიყვან, თორნიკე თარხნიშვილმა ფიზმომზადების ცენტრი გახსნა, ზამთარში რომ ვიყავი ჩამოსული, დავდიოდი ხოლმე, მე იქ პატარა ასაკის ფეხბურთელები ვნახე, მათ ასაკში რომ ვიყავი, მაშინ დიდი თაობის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ რაში გჭირდებათ ტრენაჟორი, დამძიმდებით, მათში არ იყო ცოდნა, რომ შენთვის გადმოეცათ, რაღაც ზედაპირული ცოდნა ჰქონდათ. მერე მეც თავში ჩაბეჭდილი მქონდა: რაში მჭირდება? ან ზოგი გეტყოდა, ნიჭიერი ხარ, რაში გჭირდება ტრენაჟორი? ახლა ახალ თაობს მეტი გასაქანი აქვს, თუ მართლა გულით უნდა, ფეხბურთი უყვარს და შრომობს. ასე მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას. თან ჩვენც მივეცით სტიმული, რომ დიდ ფორუმზე გასვლა შეუძლებელი არაა.
ჩემი ძმა კალათბურთზე დადის და მასაც დავაწყებინე ფიზმომზადების მწვრთნელთან სიარული. მის ასაკში მე ხომ ამ მიმართულებით არ ვვარჯიშობდი... მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო''.
შეგახსენებთ, სეზონის დასაწყისში სანდრო ალთუნაშვილს „ვოლფსბერგერში'' მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრებში ვითარება შეიცვალა, გამორჩეულ ავსტრიულ გუნდებთან, გრაცის „შტურმთან’’ და „ზალცბურგთან’’ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, გასულ ტურში „კლაგენფურტთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა და შთამბეჭდავი სილამაზის გოლი შეაგდო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ნახევარმცველს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა შესაძლოა მხარეებმა თანამშრომლობა გაახანგრძლივონ, 2023 წლის ზაფხულში სანდრომ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.