კოპენჰაგენი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„გამაგრდი გიორგი“ - კოპენჰაგენის ფეხბურთელებმა და ფანებმა გოჩოლეიშვილს თანადგომა გამოუცხადეს

რამდენიმე დღის წინ, „კოპენჰაგენმა“ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ გუნდის ქართველი მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის ერთ-ერთ კლინიკაში ჰოსპიტალიზებულია. როგორც დანიური პრესა წერს, გიორგის შვილი წამყვანი ექსპერტების ჩართულობით გადის მკურნალობის სპეციალურ კურსს.

პარალელურად, კლუბი ქართველ მცველს თანადგომას უცხადებს და ყველა გზით ცდილობს, რომ გიორგი გოჩოლეიშვილს გვერდში დაუდგეს. მნიშვნელოვანია, რომ თანადგომას თავად ფეხბურთელიც შესაბამისად აფასებს, რაც „კოპენჰაგენის“ გუშინდელ მატჩშიც აისახა. გოჩოლეიშვილმა „სილკებორგის“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, „კოპენჰაგენის“ შემადგენლობიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობასა და თამაშზე „კოპენჰაგენის“ მწვრთნელმა, იაკობ ნეესტრუპმა ისაუბრა. როგორც დანიელი სპეციალისტი ამბობს, გოჩოლეიშვილი რთულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა, გუნდი მის მხარდასაჭერად ყველაფერს გააკეთებს.

იაკობ ნესტრუპი:

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგის და მის ოჯახს დავეხმაროთ, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობას განიცდიან. მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გიორგი შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. დანიის ჩემპიონატში მისი პროფილის მარჯვენა მცველი იშვიათად შემხვედრია“.

გიორგი გოჩოლეიშვილის მდგომარეობის შესახებ „კოპენჰაგენის“ ფეხბურთელმა, ტომას დილეინმაც ისაუბრა:

„გიორგისთვის რთული პერიოდია, რადგან როცა საქმე პატარა ბავშვის მდგომარეობას ეხება, რთულია, ამ სიტუაციასთან შეგუება. ვიცი, რომ მას დამატებითი თავისუფალი დრო ეძლევა, რაც შესაძლებლობას აძლევს, რომ ბავშვთან უფრო დიდი დრო გაატაროს. მთავარი ესაა, ჩვენი ვალი კი მის გვერდით ყოფნაა“.

„ის მგრძნობიარე ბიჭია, რომელსაც თან დიდი სიხარულიც დასდევს. მართალია, მსგავსი სიტუაცია არ გამომივლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ფეხბურთი ყველაზე დიდი თავშესაფარია“.

„დიახ, ფეხბურთი შეიძლება იყოს თავშესაფარი, მაგრამ ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით. რთულია მისი პოზიციიდან საუბარი, რადგან მსგავსი რამ არასდროს გამომივლია. ვცდილობთ, რომ პოზიტიურები ვიყოთ, ის კი თამაშის დროს კვლავ სიხარულს აფრქვევს. ასევე, ვცადეთ გვეთქვა, რომ ის საუკეთესო ადგილას არის, სადაც შეიძლება ასეთ დროს იყოს. აქ მაღალი დონის ექიმები გვყავს, რომლებსაც წამყვან სპეციალისტებთან აქვთ კონტაქტი. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მისი მდგომარეობა კონტროლის ქვეშ იქნება“.

„მისი მსგავსი მცველი „კოპენჰაგენში“ იშვიათად მინახავს, მას განსაკუთრებული x-ფაქტორი აქვს“, - ამბობს დილეინი.

„კოპენჰაგენმა“ არაერთხელ აღნიშნა, რომ გოჩოლეიშვილის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ხელმძღვანელებმა ქართველ მცველს დამატებითი დრო გამოუყვეს და სავარჯიშო სესიების გაცდენის უფლება მისცეს, რათა ოჯახთან უფრო დიდი დრო გაატაროს. გუშინდელ თამაშში გიორგი გოჩოლეიშვილის თანადგომა გულშემატკივრებმაც გამოუცხადეს. „კოპენჰაგენის“ ფანებმა ტრიბუნებზე ბანერები გაშალეს, წარწერით - „გამაგრდი გიორგი. ჩვენ შენი და შენი ოჯახის გვერდით ვართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები