გიოკერეში ბარსაში? - დეკუმ სპორტინგთან მოლაპარაკებები დაიწყო
„ბარსელონა“ ლისაბონის „სპორტინგის“ შვედი ცენტრფორვარდის, ვიქტორ გიოკერეშის შეძენითაა დაინტერესებული და, როგორც პორტუგალიური მედია წერს, „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ „ლომების“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
გამოცემა El Nacional-ის ცნობით, გიოკერეშის კონტრაქტში 100-მილიონიანი გამოსასყიდია გაწერილი, რაც კატალონიური კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრანსფერს რთულად განსახორციელებელს ხდის, თუმცა დეკუს სურს, სატრანსფერო თანხა „სპორტინგისთვის“ სხვა ფეხბურთელის შეთავაზების ხარჯზე შეამციროს.
არსებული ინფორმაციით, ასეთი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს ბრაზილიელი ვიტორ როკე, რომლითაც ზაფხულში „სპორტინგიც“ ინტერესდებოდა და ოფიციალური შეთავაზებაც დააფიქსირა, თუმცა „ტიგრინიომ“ „ბეტისში“ იჯარა არჩია, ხოლო „ლომებმა“ „ნორდშელანდიდან“ 19 წლის კონრად ჰარდერი შეიძინეს.
„ბარსელონამ“ ვიტორ როკეს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 30 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული, თუმცა ბრაზილიელმა „ბლაუგრანაში“ იმედები ვერ გაამართლა.
დეკუ დარწმუნებულია, რომ 26 წლის გიოკერეში ლევანდოვსკისთვის იდეალური შემცვლელი იქნებოდა. „ბარსელონას“ სურს, შვედი ბომბარდირის სანაცვლოდ ვიტორ როკე და 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ვიქტორ გიოკერეშმა „სპორტინგის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.