„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე
ხვიჩა კვარაცხელიას „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო ტრანსფერზე ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება. უკვე დაიწერა, რომ „წითელი ეშმაკების“ ახალ მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს ქართველის შეძენის დიდი სურვილი აქვს.
„იუნაიტედი“ უკვე წლებია ფეხზე წამოდგომას ცდილობს. კრიზისში მყოფმა კლუბმა ამჯერად ნდობა ამორიმს გამოუცხადა, რომელიც მუშაობას მალე შეუდგება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი სატრანსფერო გეგმები უკვე შეადგინა, რომლის სათავეშიც კვარაცხელია იმყოფება.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ლუკა ჩერჩიონე ამ თემის შესახებ საუბრობს.
„ტენ ჰაგის დათხოვნა და ამორიმის დანიშვნა როგორც ჩანს ნაპოლისაც შეეხება. ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის მოთხოვნა , როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ნეაპოლურ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ჯერაც ვე მიაღწია“.
- წერს იტალიელი ჟურნალისტი.
კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის მოთხოვნა იმაზე მიანიშნებს, რომ მათ სეზონის ბოლოს ნეაპოლის დატოვება აქვთ გეგმაში. ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა დე ლაურენტისს ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის ჩაწერას სთხოვს, რომ კვარას ზაფხულში მარტივად წასვლა შეეძლოს. ჯერჯერობით „პარტენოპეი“ ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს.