5 ქულა 4 წუთში | მამუკელაშვილის სან ანტონიომ 26-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
„სან ანტონიო სპურსის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი სტუმრის რანგში იყო და 26-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ დააფიქსირა.
„სან ანტონიომ“ პირველი მეოთხედი 40:14 მოიგო, თუმცა, დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ფორით გავიდა. მესამე პერიოდში, „სპურსი“ 14 ქულით დაწინაურდა, მაგრამ „კლიპერსმა“ სხვაობა შეამცირა, გადამწყვეტი მეოთხედი მეტოქეზე უკეთესად ჩაატარა და 113:104 იმარჯვა.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 4 წუთი და 35 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 5 ქულაა. სანდრომ 4-დან 2 ბურთი ჩააგდო და 1 სამქულიანი და 1 ორქულიანი გამოიყენა. „სპურსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 24 ქულა ვიქტორ ვემბანიამამ დააგროვა. კრის პოლს 14 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა, ჯულიან ჩემპეინმა 21 ქულა გააკეთა.
„კლიპერსის“ მხრიდან საუკეთესო ნორმან პაუელი იყო - 23 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა. ჯეიმს ჰარდენმა 17 ქულა დააგროვა. ივიცა ზუბაცმა კი მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა - 17 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა.
„სან ანტონიოს“ სამი მოგება და 4 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გამართავენ.