წამყვან ევროპულ ლიგაში იჯარით გაშვება სურთ - iNews ნიუკასლსა და სალიაზე
ბრიტანული გამოცემა iNews-ი „ნიუკასლში“ 16 წლის ქართველი ტალანტის, ვახტანგ სალიას ტრანსფერს ეხმაურება და მოლაპარაკებების დეტალებზე წერს.
გამოცემის ცნობით, ის ფაქტი, რომ „ნიუკასლმა“ სალიასთვის ბრძოლაში ტოპკლუბებს აჯობა, კლუბის სპორტული დირექტორის, პოლ მიტჩელის მიერ ტრანსფერებისადმი მიდგომის შეცვლაზე მიუთითებს.
რას წერს გამოცემა:
„ოქტომბრის დასაწყისში „ნიუკასლში“ დაიწყეს შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ სალიას ტრანსფერს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სალია თბილისის „დინამოს“ ძირითადში თამაშობს, ხოლო „ბაიერნის“, „იუვენტუსის“ და რამდენიმე ინგლისური კლუბის სკაუტები მის თამაშს რეგულარულად აკვირდებოდნენ.
„ნიუკასლში“ მიხვდნენ, რომ „მომგებიანობისა და მდგრადობის წესების“ (PSR) ეპოქაში მნიშვნელოვანი ბრძოლები სწორედ ამ ასპარეზზე არის მოსაგები. ამიტომ, როდესაც მათ იეჭვეს, რომ თვეების განმავლობაში შეთანხმებული ტრანსფერი შესაძლოა კიდევ ერთი ევროპული ტოპკლუბის მხრიდან ინტერესის გამო ჩაიშალოს, პოლ მიტჩელმა საქმის ბოლომდე მიყვანის ბრძანება გასცა.
შემთხვევითობა არ იყო პრესრელიზში იმის აღნიშვნა, რომ „ნიუკასლმა“ სალიას გაფორმებაში „რამდენიმე ტოპკლუბს აჯობა“. კლუბში ამ ტრანსფერს გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ და, გამოცემის ცნობით, ხელმძღვანელობამ უკვე გამოყო საკმაოდ დიდი ბიუჯეტი სალიას მსგავსი ტრანსფერების განსახორციელებლად - განსაკუთრებული ყურადღებით „ნიუკასლის“ სკაუტები ლიგა 2-ს აკვირდებიან.
რაც შეეხება სალიას, კლუბს სურს, ის წამყვან ევროპულ ლიგაში გაანათხოვროს, სადაც ის სათამაშო დროს მიიღებს. კერძოდ, „ნიუკასლი“ აქტიურად მუშაობს ნიდერლანდებსა და საფრანგეთში, რათა სალიას მსგავსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სათამაშო პრაქტიკის დაგროვებისა და შემდეგ „სენტ-ჯეიმს პარკზე“ დაბრუნების მარშრუტი გაკვალოს“.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის მიწურულს „ნიუკასლმა“ ვახტანგ სალიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ახალგაზრდა ქართველი „დინამოში“ ზაფხულამდე დარჩება, შემდეგ კი „კაჭკაჭებს“ შეუერთდება.
აქვე გეტყვით, რომ სალია „დინამოს“ მთავარ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 25 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.