მამუ მწვრთნელის გარეშეა - როდის დაბრუნდება პოპოვიჩი
„სან ანტონიოს“ გამოცდილი მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი საკუთარ მოვალეობას გაურკვეველი დროით ვეღარ შეასრულებს. სანდრო მამუკელაშვილისა და მისი თანაგუნდელების 75 წლის დამრიგებელმა თავი შეუძლოდ „მინესოტასთან“ მატჩის წინ იგრძნო, რომელიც ტეხასელებმა 10-ქულიანი სხვაობით, 113:103 მოიგეს. სწორედ ამიტომ პოპოვიჩი სახლში დარჩა და კლუბს ლოს-ანჯელესსა და ჰიუსტონში გასვლით ტურნეზე არ გაჰყვა.
მედიის წარმომადგენლების უდიდესი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ დაადგინეს, როგორია ამჟამად ლეგენდარული მწვრთნელის მდგომარეობა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობა ინფორმაციას მაქსიმალურად მალავს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პოპოვიჩის არყოფნაში „სან ანტონიოს“ მისი ასისტენტი მიჩ ჯონსონი უხელმძღვანელებს.
ცნობისათვის, სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში „სპურსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი მატჩი 1 ნოემბერს, „იუტა ჯაზთან“ (106:88) ჩაატარა, სადაც 10 წუთში 10 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მომდევნო მატჩს სანდრო და მისი თანაგუნდელები „კლიპერსთან“ ხვალ დილით ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 07:30 წუთზე დაიწყება.