გოჩოლეიშვილის ასისტი და ძელი - კოპენჰაგენმა დრამატულ ბრძოლაში ვერ მოიგო
დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „სილკებორგს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი მცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად იასპარეზა. გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენის“ პირველ გოლში მთავარი როლი ითამაშა და ასისტი მიითვალა. ამასთან, ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, მისი შორეული გასროლა ძელს მოხვდა და შედევრამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს. გიორგი გოჩოლეიშვილმა მეტოქის შეტევის დროს საკვანძო პასი ჩაჭრა, საპასუხო შეტევაზე კი თანაგუნდელ კორნელიუსს ბურთი თავზე დაასვა და ანგარიშიც გაიხსნა.
„სილკებორგმა“ წონასწორობა ტაიმის მიწურულს, ადამსენის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით აღადგინა და ეს გოლი დღევანდელ შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
52-ე წუთზე გოლის გატანის შანსი გიორგი გოჩოლეიშვილს ჰქონდა, თუმცა, როგორც გითხარით, მისი შორეული გასროლა ძელს მოხვდა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში „კოპენჰაგენი“ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მასპინძლები დიკსის პენალტით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ და თითქოს, ეს გამარჯვების გოლიც უნდა ყოფილიყო, თუმცა, დამატებულ მე-9 წუთზე „სილკებორმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და შედეგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, ქართველმა მცველმა „კოპენჰაგენიდან“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. მისი თამაში 7.9 ქულით შეფასდა, რაც „კოპენჰაგენში“ მე-2 საუკეთესო მაჩვენებელი იყო. საგულისხმოა, რომ გოჩოლეიშვილმა დანიურ კლუბში პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.
ამ ფრის შემდეგ, „კოპენჰაგენმა“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და 26 ქულით მესამე პოზიციაზე დაქვეითდა და ლიდერ „მიდტიულანდს“ 1 ქულით ჩამორჩა. გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს ევროპა ლიგაზე „ბასაკშეჰირის“ წინააღმდეგ გამართავს, 10 ნოემბერს კი დანიის სუპერლიგაში სტუმრად „აარჰუსს“ დაუპირისპირდება.