იცოდნენ და კლასიკომდე არ უთხრეს - ვინისიუსზე და ოქროს ბურთზე
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, თუმცა იმდენად დიდი სკანდალი უძღვოდა ამ ყველაფერს წინ, რომ საუბრები ამ დრომდე არ წყდება. წინა ორშაბათს დილიდან დაიწყო ინფორმაციების გავრცელება იმის თაობაზე, რომ ვინისიუს ჟუნიორი პრიზის გარეშე რჩებოდა და პირველ ადგილს როდრი დაიკავებდა, თუმცა როგორც ირკვევა სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა ამ ყველაფრის თაობაზე რამდენიმე დღით ადრეც იცოდნენ.
MARCA-ს ჟურნალისტის, ანტონ მეანას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-ს წარმომადგენლებმა „ბლანკოსის“ შეფებს გამოკითხვის შედეგები ჯერ კიდევ პარასკევს შეატყობინეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე დღეს სამეფო კლუბს „ელ კლასიკოს“ გამართვა უწევდა, ფლორენტინო პერესმა და კარლო ანჩელოტიმ ჩათვალეს, რომ „ბარსელონასთან“ პრინციპული მატჩის წინ მსგავსი იმედგაცრუება ვინისიუსს სერიოზულ ფსიქოლოგიურ დარტყმას მიაყენებდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც შემცირდებოდა.
ბრაზილიელი, მისი თანაგუნდელის მსგავსად, ამ ამბავის გაგების გარეშეც კატალონიელებთან უსუსურად გამოიყურებოდნენ და 0:4 დამარცხდნენ. აქედან გამომდინარე, ბევრი თვლის - ვინის ეს ამბავი მატჩამდე რომ გაეგო, უფრო გაბრაზებულს გაცილებით კარგად ეასპარეზა და „ბარსას“ მცველებისთვის სერიოზული თავსატეხი შეექმნა.
ესპანეთის აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარი წყალდიდობის გამო, შაბათს გასამართი „ვალენსია“ – „რეალის“ მატჩი გადაიდო და მიღებული იმედგაცრუების შემდეგ მოედანზე პირველად ვინისიუსი ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „მილანთან“ საშინაო მატჩში გავა.