ჯო როგანი თოფურიაზე: „წარმოუდგენლად სწრაფია, შეუძლია P4P-ის ლიდერიც გახდეს“
ცნობილმა ამერიკელმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა საკუთარ იუთუბ არხზე ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
რას ამბობს როგანი:
„ილია წარმოუდგენლად სწრაფია. ფაქტობრივად, მინუსი და სუსტი წერტილი საერთოდ არ აქვს. სწორედ ამაშია საქმე. ამიტომაც ვამბობ, რომ ის MMA-ის ახალი თაობის წარმომადგენელი და ახალი სახეა. უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის P4P-ის საუკეთესო მებრძოლიცაა“.
„რას ვფიქრობ მე ამაზე? ამ საკითხზე ინტერნეტში დიდი დისკუსიაა. ვფიქრობ, მისი პირველ ადგილზე აყვანა ჯერ ნაადრევია, რადგან ჯონ ჯონსი კიდევ არსებობს და არიან სხვა ელიტარული მებრძოლებიც. ერთ-ერთი ასეთი ისლამ მახაჩევიცაა. არსებობს რეალური არგუმენტები იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად არის P4P-ის საუკეთესო მებრძოლი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ილია ამასთან ძალიან ახლოსაა. მას შეუძლია საუკეთესო იყოს“.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. „მატადორმა“ ამერიკელი მებრძოლი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.