ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურში - ქართველს საგოლე პასი დაუფასდა
გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის XIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. პრემიერლიგის საგზურის მოპოვებისთვის მებრძოლმა „უოტფორდმა“ სტუმრად „შეფილდ ვენსდეი“ 6:2 დაამარცხა, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი კი ტრადიციულად აქტიური და თავისი გუნდის შეტევების სულისჩამდგმელი იყო, რაც მას სათანადოდ დაუფასდა. წინა თამაშებისგან განსხვავებით, ჩაკვეტაძეს მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე არ დაუტოვებია და 67-ე წუთზე ვაკოუნ ბაიოს ასისტენტობა გაუწია.
სიმბოლურ გუნდში გიორგის გარდა „უოტფორდის“ კიდევ ორი წარმომადგენელია - „ვენსდეისთან“ შეხვედრაში პოკერის ავტორი ბაიო და ირლანდიელი ფესტი ებოსელე, რომელიც მე-60 წუთზე ცვლილებაზე გამოჩნდა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ცამეტივე ტურში ძირითადში დაიწყო და მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ ხუთჯერ შეცვალა. მის ანგარიშზე 1 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაა, თუმცა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მან თანაგუნდელებს 30-ზე მეტი საგოლე შანსი შეუქმნა.
ცამეტი ტურის შემდეგ 22 ქულით „უოტფორდი“ მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „სანდერლენდს“ 7 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები ხვალ სტუმრად „სუონსი სიტის“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.