ვირტუსი უდანაკარგოდ მიდის - შენგელიას 10 ქულა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში „ტრევიზოს“ უმასპინძლა და მეტოქე 7-ქულიანი სხვაობით, 104:97 დაამარცხა. ევროლიგისგან განსხვავებით, ბოლონიელები შიდა პირველობაზე ჯერჯერობით უშეცდომოდ თამაშობენ და ხუთი თამაშიდან ხუთივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
თორნიკე შენგელიამ მხოლოდ 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულისა და 3 შედეგიანი პასის დაგროვება მოასწრო. საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა ოთხიდან სამი ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან სროლა კი არც უცდია. თოკომ ხუთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს. ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი „ტრევიზოს“ ლიეტუველი ლეგიონერი ოსვალდას ოლისევიჩიუსი იყო, რომელმაც 26 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მომდევნო შეხვედრას „ვირტუსი“ ისევ იტალიის ჩემპიონატში 6 ნოემბერს საკუთარ დარბაზში „ტორტონასთან“ გამართავს. 8 ნოემბერს კი ევროლიგის გათამაშებაში თელ-ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.