„ჩავიდეს დაღესტანში და ნახავთ, რასაც შეძლებს“ - მახაჩევის მწვრთნელი თოფურიაზე
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ილია თოფურიასა და ისლამის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მახაჩევის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
მენდესმა თოფურია დაღესტანში, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მიერ დაარსეულ დარბაზში მიიწვია და დარწმუნებით თქვა, რომ იქ ვერცერთი მებრძოლის დამარცხებას ვერ შეძლებს.
რას ამბობს ხავიერ მენდესი:
„თოფურიას ნება მიეცით, რომ დაღესტანში ჩავიდეს და იქ სცადოს რომელიმე მებრძოლის შებოჭვა... თუ ამას შეძლებს, მაშინ ისლამთან მისი მტკივნეულით გამარჯვებაზე მაშინ ვისაუბროთ. თავის სახლში ამის გაკეთება ერთია, მაგრამ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სპორტდარბაზში ნამდვილ მონსტრებთან ურთიერთობა საერთოდ სხვაა. უფრო მეტიც, აბდულმანაპის დარბაზშიც კი ვერ დავინახე, რომ ისლამისთვის ვინმეს რაიმეს გაკეთება შეეძლო. ერთადერთი, რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია, ხაბიბი იყო“.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან ჩხუბს ირიბად ეხება, თუმცა, მაქს ჰოლოუეისთან გამარჯვებისა და ქამრის დაცვის შემდეგ, MMA-ის სამყარო ქართველი და რუსი მებრძოლების ჩხუბზე აქტიურად ალაპარაკდა.