ზარი მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან - ნეიმარმა პრეს კონფერენცია ჩაშალა
„ვილა ნოვასთან“ (3:0) მოგებული მატჩის შემდეგ „სანტოსის“ მთავარი მწვრთნელის პრეს კონფერენცია ჩაიშალა. ამის მიზეზი „თევზების“ ყოფილი ფეხბურთელისა და ლეგენდის ნეიმარის ვიდეო-ზარი გახლდათ. „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა, რომელსაც „სანტოსის“ ფორმა ეცვა, ყოფილი გუნდის წევრებს პრინციპულ მატჩში გამარჯვება მიულოცა და ბრაზილიის სერია A-ში სწრაფად დაბრუნება უსურვა.
ეს გამარჯვება „სანტოსისთვის“ მართლაც უმნიშვნელოვანესი გახლდათ, რომელიც სერია B-ს 35 ტურის შემდეგ 65 ქულით ლიდერობს და ელიტაში აღზევების მთავარი კანდიდატია. გათამაშების დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი უძლიერესთა რიგებს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „სანტოსის“ ვიცე-პრეზიდენტმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ოსვალდო ნიკომ განაცხადა, რომ ნეიმართან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და 2025 წლის ზაფხულში ის მშობლიურ გუნდში დაბრუნდება.