ბარკოლას მთავარი კონკურენტია - ზურიკო საუკეთესოობისთვის იბრძვის
საკმაოდ მძიმე სტარტის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა „სენტ ეტიენის“ შემადგენლობაში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა და ყველას დაუმტკიცა, რომ „მწვანეებს“ მის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სოლიდური თანხა ტყუილად არ გადაუხდიათ. ლიგა 1-ის ორგანიზატორებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე სამი საუკეთესო შეარჩიეს და მათ შორის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ გასული თვის ლაურეატად დასახელების მთავარი კანდიდატები „პარი-სენ ჟერმენისა“ და „სენტ ეტიენის“ ლიდერები, ბრედლი ბარკოლა და ზურიკო დავითაშვილი არიან, „ლილის“ მეკარე ლუკას შევალიეს კი შედარებით ნაკლები შანსები აქვს. ამ ტრიოში საუკეთესო უახლოეს საათებში დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში დავითაშვილმა „ოსერთან“ (3:1) საშინაო მატჩში ჰეთ-თრიკი, „ანჟერთან“ (2:4) საგარეო შეხვედრაში კი დუბლი შეასრულა. 5 გოლის გარდა, 23 წლის ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.