„მისი არყოფნა დანაკლისია, მაგრამ...“ - ემპოლის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
4 ნოემბერს, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „კომოს“ დაუპირისპირდება, თუმცა, ქართველი მცველი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ემპოლის“ მთავარ მწვრთნელს საბა გოგლიჩიძის არყოფნაზე და მის შემცვლელზე ჰკითხეს, რასაც რობერტო დ’ავერსამ ასე უპასუხა:
„ბუნებრივია, გოგლიჩიძის არყოფნა დანაკლისია, მაგრამ ახლა მის არყოფნაზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას და დარწმუნებული ვარ, რომ დე შილიო ან მარიანუჩი მას საუკეთესოდ შეცვლიან. მარიანუჩი პირველივე დღიდან ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და საქმეს სრული სერიოზულობით ეკიდება, მას ნებისმიერ დროს შეუძლია გუნდისთვის დახმარების გაწევა. რა იქნება ჩემი გადაწყვეტილება? ამას მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე გაიგებთ“.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ წითელი ბარათი 30 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურში, „ინტერის“ წინააღმდეგ მიიღო, მისი გუნდი კი ამ მატჩში 0:3 დამარცხდა. „ნერაძურიმ“ სამივე გოლი ქართველი მცველის გაძევების შემდეგ გაიტანა.
„ემპოლისა“ და „კომოს“ მატჩი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, საბა გოგლიჩიძე კი გუნდს „ლეჩესთან“ მატჩისთვის დაუბრუნდება, რომელიც 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.