საოცარი გასროლა - ალთუნაშვილის სადებიუტო გოლი ვოლფსბერგერში
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ სტუმრად „კლაგენფურტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.
სანდრო ალთუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოიყვანა, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 იყო.
„ვოლფსბერგერმა“ სხვაობა მინიმუმამდე სწორედ ქართველი ნახევარმცველის გოლით შეამცირა. 71-ე წუთზე, ალთუნაშვილმა საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარისკენ გადაგზავნა და „კლაგენფურტის“ კარში ეფექტური გოლი გაიტანა.
საგულისხმოა, რომ სანდრო ალთუნაშვილისთვის ეს გოლი „ვოლფსბერგერის“ შემადგენლობაში სადებიუტო იყო. აქამდე, ქართველ ნახევარმცველს ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 1 ასისტი ჰქონდა შესრულებული.
12 ტურის შემდეგ, „ვოლფსბერგერი“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ვენის „აუსტრიის“ წინააღმდეგ გამართავს.