თურქების უიმედო წინადადება - ოსიმენს დარჩენა სურს
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნეაპოლური სპორტული პრესის მთავარი სალაპარაკო თემა ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი გახლდათ, რომელსაც ჯერ ინგლისის პრემიერლიგის გრანდებში, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსიში“, ხოლო შემდეგ „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ 25 წლის ნიგერიელი ფორვარდი იჯარის წესით „გალათასარაიში“ აღმოჩნდა.
ოსიმენმა სტამბოლურ კლუბში ადაპტაცია უმოკლეს დროში გაიარა და 7 მატჩში თავი 4 გოლის გარდა, 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რის გამოც თურქებმა მისი ტრანსფერის საბოლოოდ გამოსყიდვა გადაწყვიტეს. თუმცა, იქაური გამოცემა Sozcu-ს ცნობით, „გალა“ აფრიკელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდას ვერ შეძლებს, რაზეც მათ ის აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც „ჩელსის“ 100-მილიონიანი წინადადება უარყო, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ოსიმენს „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა, მას მხოლოდ მესამე ვარიანტი რჩება - თავად გამოისყიდოს პარტენოპეისთან არსებული კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელშეკრულება იმ კლუბთან გააფორმოს, რომელიც ყველაზე სარფიან პირობებს შესთავაზებს.