„ჯერ ვერაფერს ვამბობთ“ - მაისაშვილი შარიქაძის არყოფნაზე
უკვე რამდენიმე თვე და რამდენიმე მატჩია მერაბ შარიქაძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება და ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური პირების მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორმა ლევან მაისაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.
ლევან მაისაშვილი
რთული თემაა, რასაც მოჰყვა გულშემატკივრების მხრიდან საკმაოდ ბევრი შეკითხვები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მერაბ შარიქაძე უცხო არავისთვისაა, პირიქით - ის ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ჩვენ მსოფლიო რაგბიდან და ანტიდოპინგური სააგენტოდან გვაქვს ასეთი მითითება, რომ სანამ მოკვლევა არ დასრულდება, საჯარო განცხადებებისგან თავი შევიკავოთ, რომლებიც ამ პროცესს ხელს შეუშლის. ზუსტად იგივე რეკომენდაციით მიმართეს შარიქაძეს და შესაბამისად გვიჭირს ამ თემაზე მსჯელობა.
ჩემი 30-წლიანი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ შარიქაძის მსგავსი დისციპლინისა და თავგანწირვის მქონე მორაგბე მე პირადად არასოდეს მყოლია. შესაბამისად, ჩემთვის ის აბსოლუტურად უზადო რეპუტაციის მქონე მოთამაშე იყო და ყოველთვის ასეთად დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ ტესტ-მატჩს გამართავენ - 10-ში ისინი მონპელიეში ახალი ზელანდიის მაორებს დაუპირისპირდებიან, რასაც 17-ში გენუაში იტალიელებთან თამაში მოჰყვება, ხოლო შემოდგომის სერია 24 ნოემბერს „მიხეილ მესხი არენაზე“ ტონგასთან საშინაო შეხვედრით დასრულდება.