„თუ სიტყვას მოქმედება არ მოაყოლე, ლაპარაკს რა აზრი აქვს“ - უმარი მერაბს პასუხობს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი ამავე წონითი დივიზიონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს უპასუხა.
როგორც იცით, ნურმაგომედოვს 14 დეკემბერს სონგ იადონგთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ, უმარის თქმით, იადონგი ტრავმირებულია და ამის გამო დეკემბერში დაგეგმილი ბრძოლა ვერ შედგება. თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილმა დაწერა, ბრძოლაზე უარი არა იადონგმა, არამედ ნურმაგომედოვმა თქვა.
ქართველი ჩემპიონის სწორედ ამ სიტყვებს გამოეხმაურა უმარ ნურმაგომედოვი.
„თუ სიტყვას მოქმედება არ მოაყოლე, მაშინ ლაპარაკს რა აზრი აქვს? ახლა დაგეგმილი ჩხუბი არ მაქვს. სონგ იადონგი მზადაა, იანვარში იჩხუბოს. თუ შენ არ აპირებ ქამრის დაცვას, მაშინ ამ ბრძოლას დავთანხმდები, რათა ფული გამოვიმუშავო და სახელი მოვიხვეჭო.
მზად ვარ, ვეჩხუბო ყველას, ვისაც UFC შემომთავაზებს, იმიტომ რომ მინდა, საუკეთესო ვიყო. ჩემპიონი ისაა, ვინც ყველაზე ძლიერია და მზადაა ნებისმიერ ეჩხუბოს, და არა ის, ვინც „დამსახურებულ“ მეტოქეებს ირჩევს“, - წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში.