„შენგან ამას არ ველოდი...“ - ილიამ კრიშტიანუს საკადრისი პასუხი გასცა
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კრიშტიანუ რონალდუს უპასუხა, რომელმაც მანამდე ქართველ მებრძოლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ილია ბევრს ლაპარაკობს, თუმცა საუკეთესო მებრძოლებთან ჯერ არ უჩხუბია“.
კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე კვირის წინ გადაღებული ვიდეორგოლი, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას შორის დაგეგმილ ბრძოლაზე საუბრობს და ამბობს:
„თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს... ვფიქრობ, როდესაც მან ვოლკანოვსკი დაამარცხა, „ვოლკი“ უბრალოდ ამ დარტყმისთვის მზად არ იყო. ილიას საუკეთესო მებრძოლებთან არ უჩხუბია. თუ ის მაქს ჰოლოუეის მოუგებს, მას მაშინ ვაღიარებ. მაქსი არასოდეს დანოკაუტებულა. ამიტომ თოფურიას მასთან გაუჭირდება“.
რონალდუს ასევე სოციალურ ქსელში ილია თოფურიამ უპასუხა:
„შენგან არ ველოდი, რომ ქედმაღლობას და თვითრწმენას ვერ განასხვავებდი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა საკუთარ რეალობის სხვებზე პროეცირებას ვახდენთ. შენი კარიერის დარჩენილ ნაწილში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, ღმერთი იყოს შენი ოჯახის მფარველი“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში, UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა. ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და ნოკაუტით პირველად წააგო. ილიამ კი MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.