გოლი და საგოლე გადაცემა - ყაზაიშვილმა ბოლო ტურშიც გაიბრწყინა
31 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის 30-ე დასკვნით ტურში გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. „შანდონ ტაიშანმა“ საშინაო მატჩში „მეიჩჟოუ ჰაკას“ 2:1 მოუგო.
ყაზაიშვილმა შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და მე-16 წუთისთვის ანგარიშიც გახსნა. ორსვლიანი ლამაზი კომბინაციის შედეგად ვაკომ მეკარეს ახლო მანძილიდან ზუსტად დაურტყა. 61-ე წუთზე კი ეფექტური პასით საგოლე გადაცემაც გაიფორმა და მატჩის მთავარი გმირიც გახდა.
საბოლოოდ, ვაკო მწვრთნელმა 78-ე წუთზე შეცვალა.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში 29 შეხვედრის ჩატარება შეძლო. მისი შედეგიანობის მაჩვენებელი 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, ჩინეთის თასზე 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, აზიის ჩემპიონთა ლიგაში კი 4 საგოლე გადაცემა აქვს.
ვაკოს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას აგრძელებს. მათ ასევე 23 ნოემბერს ჩინეთის თასის ფინალში „შანხაი პორტსთან“ მატჩი ელით. „შანდონ ტაიშანმა“ ჩემპიონატი 48 ქულით მე-5 პოზიციაზე დაასრულა.