„განვითარების ლიგაშიც ბევრი სჯობდა“ - კრიტიკა ლებრონის შვილს
წლევანდელ სეზონში ისტორიული ფაქტი უკვე არაერთხელ დაფიქსირდა და მამა-შვილმა ლებრონ და ბრონი ჯეიმსებმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში ერთად ითამაშეს. ამ ყველაფერს უმრავლესობა დადებითად უყურებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ბრონის დონის კალათბურთელის ლოს-ანჯელესის კალიბრის კლუბში ასპარეზობა აღიზიანებთ და მის გაკრიტიკებას არ ერიდებიან. ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება „ბოსტონ სელტიქსის“ მოთამაშის, ელ ჰოლფორდის და ანა ჰოლფორდი, რომელმაც საკუთარი აღშფოთება სოციალური ქსელის საშუალებით გამოთქვა.
რას წერენ ბრონი ჯეიმსზე
ბრონი რომ ასეთ ასაკში „ლეიკერსში“ მამასთან ერთად თამაშობს, ძალიან მაგარია. თუმცა, მე ვნერვიულობ მისი ასაკის იმ კალათბურთელებზე, რომლებიც მასზე გაცილებით ნიჭიერები არიან, თუმცა ისინი დრაფტზე 55-ე ნომრად არავის აურჩევია. ვიცი რომ ჩემს მოსაზრებას ბევრი ლანძღვა-გინება მოჰყვება, მაგრამ ცუდს არაფერს ვამბობ - პირიქით, ბრონის ასაკის მოთამაშეებს ვეტყვი, რომ გული არ აიცრუონ, რადგან ადრე თუ გვიან, მათი შრომაც დაფასდება.
გუშინ, გვიან ღამით „ლეიკერსის“ რიგებში “ტორონტოსთან“ (131:125) მოგებულ შეხვედრაში მხოლოდ ლებრონმა ითამაშა და ორმაგი დუბლის (27 ქულა, 10 ასისტი) ავტორი გახდა. ამ თამაშამდე „კლივლენდთან“ (110:134) წაგებულ მატჩში კი მცირე სათამაშო დრო ბრონისაც მიეცა და 2 ქულასთან ერთად, 2 შედეგიანი პასი დააგროვა.