სახლის ყიდვა არაფერს ნიშნავს - ნეიმარი გამოირიცხა
ლიონელ მესის, ლუის სუარესის, სერხიო ბუსკეტსისა და ხორდი ალბას სახით, „ინტერ მაიამიში“ „ბარსელონას“ 4 ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს. ესპანური პრესა კი ვარაუდობდა, რომ მათი რაოდენობა შესაძლოა ხუთამდე გაზრდილიყო, რადგან ნეიმარმა რამდენიმე კვირის წინ, ფლორიდაში მდიდრული სახლი შეიძინა, რაც წესით მისი დევიდ ბექჰემის კლუბში გადასვლის წინაპირობა უნდა გამხდარიყო, თუმცა მაიამელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.
ტატა მარტინო
სახლის ყიდვა არაფერს ნიშნავს, რადგან თუ MLS-ის ხელმძღვანელები სახელფასო ჭერთან დაკავშირებით რაიმეს არ შეცვლიან, ნეიმარის კალიბრისა და მოთხოვნების მქონე ვარსკვლავების დამატება ძალიან გაგვიჭირდება. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში კონსესუსამდე მისვლა, მაგრამ გარკვეული ტიპის ღონისძიებები აშკარად გასატარებელია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთის ამერიკელი გულშემატკივარი სიახლეებით განებივრებული ვეღარ იქნება და ფეხბურთის ევროპელი ვარსკვლავები შტატების ნაცვლად კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამიმ“ ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი მოიგო, ახლა კი „ატლანტა იუნაიტედთან“ მერვედფინალურ მატჩებს მართავს. პირველი რაუნდი მესიმ და კომპანიამ საკუთარ სტადიონზე 2:1 მოიგეს, საპასუხო მატჩში კი მასპინძლები საბა ლობჟანიძე და მისი თანაგუნდელები იქნებიან და შეხვედრა დღეს, ღამის 03:00 საათზე დაიწყება.